ოსკაროსანი კომპოზიტორი იან კაჟმარეკი ქართველ რეჟისორს, მარიამ ხაჭვანს, დაუკავშირდა და ურჩია, რომ ოსკარის უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის ებრძოლა.

ამ დროისთვის, დედე საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის კონკურსში მონაწილეობს.

როგორც დედეს ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, ფილმს მხარს ასევე უჭერს ევროპული კინოაკადემიის ერთ-ერთი თავჯდომარე მაიკ დაუნეი.

"მხარს ვუჭერ მარიამ ხაჭვანის ფილმს დედეს, ოსკარის ნომინაციაზე წარსადგენად. ის პეკინში ვნახე, როდესაც კინოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურიში ვიყავი. მისი ხარისხითა და ძლიერი ემოციით აღფრთოვანებული დავრჩი. როგორც ოსკარის მფლობელი, ვფიქრობ, რომ ფილმს კინოაკადემიის დაჯილდოებაზე დიდი პოტენციალი აქვს", - ვკითხულობთ კაჟმარეკის წერილში, რომელიც 27 ივლისით თარიღდება.

იან კაჟმარეკმა ოსკარი 2005 წელს მიიღო, კომპოზიციისთვის, რომელიც მხატვრული ფილმისთვის Finding Neverland (ჯადოსნური ქვეყანა) შექმნა. ფილმში მონაწილეობენ ქეით უინსლეტი და ჯონი დეპი.

ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში დედეს კინოდისტრიბუციაში ჩაშვება დაწყებულია. ფილმი სექტემბრიდან ჩიკაგოში, ხოლო ნოემბრიდან ნიუ-იორკის, ვაშინგტონის და ლოს-ანჟელესის კინოთეატრებში გამოვა. ნოემბრის მასშტაბურ პრემიერებს ფილმის რეჟისორი და მსახიობები დაესწრებიან.

ფილმი 50-ზე მეტ კინოფესტივალზეა ნაჩვენები და 16 საერთაშორისო პრიზი აქვს მოპოვებული.

ნახეთ: ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე გასაგზავნად 6 ქართული ფილმი იბრძოლებს