ჩინეთის კოსმოსურმა სააგენტომ საზოგადოებას ახალი მისიის დეტალები გააცნო. მათი თქმით მისია Chang'e-4 პირველი იქნება, რომელიც მთვარის ბნელ მხარეს კონტროლირებულ დაეშვებას განახორციელებს და იქ არსებულ პირობებს შეისწავლის.

მთვარის დედამიწისკენ მოქცეული მხარე კაცობრიობის მიერ საკმაოდ კარგად არის გამოკვლეული, თუმცა მეორე, ჩვენგან დამალული მხარე კვლავ შეუსწავლელია.

Chang'e-4 დეკემბერში რაკეტა Long March 3B-ით გაეშვება. ის მთვარეზე როვერსა და სტაციონალურ ხომალდს ერთდროულად გაგზავნის. როვერის მისიის ხანგრძლივობა სამი თვეა, ხოლო სტაციონარული ხომალდის კი ერთი წელი.

მთვარის ბნელი მხარე დედამიწისკენ არასდროს ექცევა, ამის გამო ჩინურ ხომალდებთან პირდაპირი კომუნიკაცია შეუძლებელია. რობოტებისგან სიგნალების მისაღებად ჩინეთი მათსავე გაშვებულ სარელეო სატელიტ Queqiao-ს გამოიყენებს, რომელიც მთვარის ორბიტაზე რამდენიმე თვის წინ განთავსდა.

მისიას რამდენიმე მიზანი აქვს, ერთ-ერთია მთვარის წარსულის შესახებ მეტი ინფორმაციის მოგროვება. მეორე კი ხომალდის სხვადასხვა სისტემების გამოცდაა, რათა გაირკვეს თუ რამდენად შესაძლებელია მთავრის ბნელ მხარეს კოსმოსური ტელესკოპის განთავსება.

დედამიწაზე განთავსებულ ტელესკოპებს მრავალი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, მაგალითად ატმოსფეროს დაბინძურება, ან ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამოწვეული ელექტრომაგნიტური ფონი. მთვარე კი მსგავსი პრობლემებისგან თავისუფალია.

მთვარეზე ადამიანი 1972 წლის შემდეგ არ დამჯდარა. ჩინეთი იმედოვნებს, რომ ამ მისიისგან მიღებული გამოცდილება მათ სამომავლოდ მთვარეზე ადამიანის გაგზავნაშიც დაეხმარებათ.