ცოტა ხნის წინ, სამეფო კარის თამაშების კიდევ ერთმა მომაკვდინებელმა სეზონმა ჩაიარა და ბევრი ჩვენგანი ჯერ კიდევ იმ მოვლენების გადახარშვის პროცესშია, რომელიც მეშვიდე სეზონში განვითარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცით როგორი დიდი სანახაობა გველის წინ, გული მაინც გვწყდება, რომ 2019 წელს შოუს ბოლო სეზონი გამოდის. ჩვენ რა ხეირი, მაგრამ შეგვიძლია თავი იმით მაინც დავიმშვიდოთ, რომ სამეფო კარის თამაშების მსახიობები უკვე რეკორდსმენები არიან და სატელევიზიო ჰონორარების ისტორიაში ყველაზე დიდ ანაზღაურებასაც იღებენ. არადა, მათ ადგილზე შესაძლოა სულ სხვა მსახიობები ყოფილიყვნენ.

როგორც სამეფო კარის თამაშების კასტინგის დირექტორი ნინა გოლდი ამბობს, თავდაპირველად, როლების უმეტესობაზე, სხვა მსახიობები დაამტკიცეს. რთული წარმოსადგენია, მაგრამ ისინი, ვისაც ძალიან შევეჩვიეთ, შესაძლოა რადიკალურად სხვანაირები ყოფილიყვნენ.

კიტ ჰარიგტონი, რომელზეც გოგოიან-ბიჭიანა ერთნაირად კარგავენ ჭკუას, პირველი არჩევანი საერთოდ არ ყოფილა. ჯონ სნოუს პერსონაჟის განსახიერება საპილოტე სერიისთვის შიმშილის თამაშების ვარსკვლავს - სემ კლაფლინს შესთავაზეს.

ფოტო: Wikipedia

სერსეის როლში ლინა ჰიდის გარდა ვინმე სხვა წარმოგიდგენიათ?

თუმცა, იყო შანსი, ლინას მაგივრად სერსეის როლი საიდუმლო მასალების მსახიობს - ჯილიან ანდერსონს შეესრულებინა.

ფოტო: Wikipedia

საბედნიეროდ, მან გრძელვადიან სერიალში მონაწილეობაზე უარი თქვა. სწორედ ამის შემდეგ ურჩია ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელმა, პიტერ დინკლიჯმა, კასტინგ მენეჯერს, მისი საუკეთესო მეგობრის, ლინა ჰიდის კანდიდატურა - სერსეის როლზე.

გახსოვთ როგორ ტიროდით სისხლისნი ქორწილის ეპიზოდზე, მაშინ, როდესაც კეტლინ სტარკს ლომისობას უწყობენ? ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯენიფერ ელის, რომელიც კეტლინის როლზე საპილოტე სერიაში გადაიღეს, გაუმართლა - მას მესამე სეზონის მეცხრე სერია არ უნახავს.

ფოტო: Telegraph

ცეცხლით შობილი მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი, მესიის მოვლენილი დრაკონების დედოფალი დაენერის ტარგარიენი, სერიალ ტიუდორების მსახიობი ტემზინ მერჩანტი იქნებოდა, რომ არა ემილია კლარკის იუმორის გრძნობა, რომელიც როგორც ამბობენ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა, რის გამოც კასტინგ მენეჯერს და სერიალის პროდიუსერებს პირველივე დღიდან შეუყვარდათ ემილია და როლზე მოსინჯეს.

შესაძლებელია ამ მსახიობებსაც ზუსტად ისევე შევჩვეოდით, როგორც ახლანდელები გვიყვარს, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნინა გოლდმა ათიანში გაარტყა.