სქესის, ასაკისა თუ ეროვნების მიუხედავად, არავინ არის დაზღვეული უზომოდ სმის საფრთხისგან. მოდი ვნახოთ, სხვადასხვა ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში როგორ მოქმედებს ალკოჰოლი ორგანიზმზე

ფაქტი პირველი: ერთდროულად ალკოჰოლი და სიგარეტი იწვევს სხვადასხვა ტიპის კიბოს

ყველამ ვიცით, რომ ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლს, რომელიც ორგანიზმიდან დევნის ტოქსიკურ ნივთიერებებს და მათ შორის ეთილის სპირტს. დროთა განმავლობაში სპირტის დაშლა აფერხებს ცხიმების დაშლის პროცესს, რის შედეგადაც ცხიმები ღვიძლში გროვდება. ალკოჰოლი არა მარტო ღვიძლის კიბოს განვითარებას უწყობს ხელს, არამედ მწეველებში საგრძნობლად ზრდის კიბოს საფრთხეს პირის ღრუში, ხორხსა და საყლაპავ მილზე, რადგანაც ალკოჰოლის მიღებისას პირის ღრუს ლორწოვანი გარსი უფრო ადვილად ატარებს თამბაქოში არსებულ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, რაც ზრდის მწეველებში კიბოს განვითარების საფრთხეს.

ფაქტი მეორე: დედის რძეში ხდება ალკოჰოლის კონცენტრაცია

არსებობს გამოთქმა "როდესაც ორსული სვამს, ნაყოფიც სვამს“. ალკოჰოლის მიღება საზიანოა მთელი ორსულობის პერიოდში, რადგანაც არ არსებობს მინიმალური დოზა, რომელიც დასაშვებია ორსულთათვის.

ძუძუთი კვების პერიოდშიც დედები უნდა მოერიდონ სასმელს, იმიტომ რომ ალკოჰოლი რძეში გროვდება. ფაქტობრივად, ალკოჰოლის კონცენტრაცია დედის რძეში უფრო მაღალია, ვიდრე სისხლში, რადგან რძე უფრო მეტ წყალს შეიცავს

ქალები, რომლებიც სისტემატიური სახით იღებენ ალკოჰოლს, მკერდის კიბოს განვითარების რისკის წინაშე დგანან. სამეცნიერო გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ქალებში, რომლებიც კვირაში სამჯერ იღებენ ალკოჰოლს, სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადების რისკი 15%-თ იზრდება.

ფაქტი მესამე: ავარიის დროს ნასვამი მძღოლი უფრო სერიოზულ ტრავმას იღებს

ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის აკრძალვა პირველად 1903 წელს დანიაში შემოიღეს.

ალკოჰოლი მოქმედებს მძღოლის მხედველობაზე - მას საგზაო ნიშნების კარგად გარჩევა უჭირს. მცირდება პერიფერიული მხედველობა; მძღოლი უფრო რთულად საზღვრავს მანძილს და ვერ ხედავს შორს მყოფ საგნებს. ტვინი სწრაფად ვერ ამუშავებს ინფორმაციას, რის შედეგადაც მძღოლის რეაქცია ნელდება.

ავარიის დროს ნასვამი მძღოლი უფრო სერიოზულ ტრავმას მიიღებს, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში. ავარიის შედეგად სასწრაფო ოპერაციის შემთხვევაში მძღოლის გადარჩენის შანსიც კლებულობს, რადგან ალკოჰოლი გულსა და სისხლის მიმოქცევაზე მოქმედებს.

აქვე გეტყვით, რომ შარშან საქართველოში 6079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 160 შემთხვევა გამოწვეული იყო სიმთვრალით.