საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციასთან, მოქალაქეებმა აქცია გამართეს. ისინი საქართველოს ნაკრების მოჭიდავეებისგან, ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯაბო თადეევის სახიანი მაისურის ჩაცმას აპროტესტებენ და ფედერაციას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდობენ.

მოქალაქეების თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადება, რომ არავის საქმე არაა, ვის მაისურს ჩაიცვამენ ბიჭები, მათთვის მიუღებელია იმიტომ, რომ რუსეთი ოკუპანტია.

აქციის მონაწილეებმა პლაკატებთან ერთად, ჭიდაობის ფედერაციასთან ქართველი სპორტსმენის, ლაშა შავდათუაშვილის სურათიც მიიტანეს. მათი თმით 2008 წლის ომიდან 8 წლის თავზე შავდათუაშვილის მიერ რუსი მეტოქის დამარცხება და ჟესტი არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა ებრძოლო რუსულ პროპაგანდას.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აღნიშნული ფოტო, სადაც მოჭიდავეები ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატის და რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯაბო თადეევის სახიანი მაისურით არიან გამოსახული, On.ge-ს მკითხველმა მიაწოდა.

ფოტოზე ერთად გადაღებულები არიან: საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გიორგი იანტბელიძე; მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი; ზურაბ იაკობაშვილი და მამუკა ერაძე.