მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მარიხუანაში შემავალ ნივთიერებებს კუჭ-ნაწლავში ანთებითი პროცესების რეგულირება შეუძლია. ეს ნივთიერებები შესაძლოა ისეთ სერიოზულ დაავადებებზეც ახდენდნენ დადებით გავლენას, როგორიც კოლიტია.

ცნობები იმის შესახებ, რომ კუჭ-ნაწლავის პრობლემებზე მარიხუანას დადებითი გავლენა აქვს აქამდეც არსებობდა, თუმცა ამ დრომდე ეს მეცნიერულად არ დადასტურებულა და ეს ცოდნა მხოლოდ პირად გამოცდილებებზე იყო დაფუძნებული.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს - ზოგიერთი მათგანი კი მკურნალობისა და სიმპტომების შესამსუბუქებლად მარიხუანას იყენებს.

"ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ მარიხუანა სხვადასხვა დაავადებების სამკურნალო კარგი საშუალებაა, ეს კი ერთ-ერთი პირველი კვლევაა, რომელიც ამ მოსაზრებას მეცნიერულად ამყარებს," - აცხადებს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი ბეთ მაკკორმიკი.

"ჩვენ პირველად აღვწერეთ პროცესი, რომლითაც მარიხუანაში შემავალი კანაბინოიდები ანთებით პროცესებს არეგულირებენ"

კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ თაგვებში კუჭ-ნაწლავის ანთება ორი სხვადასხვა პროცესით რეგულირდება, რომლებიც ერთმანეთს აბალანსებენ.

პირველი პროცესი იმუნურ სისტემასთან არის კავშირში. ხშირად, როდესაც ჯანმრთელი იმუნური სისტემა ბაქტერიების კოლონიას გადააწყდება, ის მას ანთებით პროცესების დაწყებით პასუხობს. სწორედ ამიტომ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რამაა, ის სავსეა სხვადასხვა ბაქტერიული კოლონიებით, თუმცა იმუნური სისტემა მას არ ებრძვის.

კვლევაში აღწერილი მეორე პროცესი კი იმუნური სისტემის რეგულაციას ემსახურება. ეს პროცესი ენდოკანაბინოიდების საშუალებით კუჭ-ნაწლავში იმუნური სისტემის მოქმედებას თრგუნავს, რომლის საშუალებითაც ნაწლავებში საჭირო მიკროფლორა ნარჩუნდება.

ენდოკანაბინოიდური სისტემები ძუძუმწოვრებში მრავლად გვხვდება და ის ორგანიზმის სხვადასხვა პროცესებს არეგულირებს, როგორც აღმოჩნდა, მისი ერთ-ერთი ფუნქცია კუჭ-ნაწლავის სისტემის რეგულირებაც არის.

თაგვებში ენდოკანაბინოიდური რეცეპტორები დაბლოკვამ იმუნური სისტემის კონტროლის მექანიზმების მოშლა და საჭმლის მომნელებელ სისტემაში გაძლიერებული ანთებითი პროცესების დაწყება განაპირობა, რამაც ნაწლავები დააზიანა.

მარიხუანაში შემავალი კანაბინოიდები ძალიან წააგავს ორგანიზმში ბუნებრივად არსებულ ენდოკანაბინოიდებს, კუჭ-ნაწლავზე მარიხუანას დადებითი გავლენა კი სწორედ ამით შეიძლება აიხსნას.

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ამ შედეგის დასადასტურებლად დამატებითი ექსპერიმენტების ჩატარებაა საჭირო. აღნიშნული კვლევა მხოლოდ თაგვებზე ჩატარდა, ხოლო რამდენად ვრცელდება ის ადამიანებზე - ჯერჯერობით მაინც უცნობია.