სიმსივნე ცხოველთა სამყაროში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. ეს არის უჯრედების უკონტროლო ზრდა, რომელიც მათი გენეტიკური კოდის დაზიანებით არის გამოწვეული. ზოგიერთი ორგანიზმი ამ დაავადებების მიმართ უფრო მიდრეკილია, ზოგი კი ნაკლებად. სპილოები ის ცხოველები არიან, რომლებსაც სიმსივნე ძალიან იშვიათად ემართებათ, ეს კი მათი ზომების გათვალისწინებით საკმაოდ გასაკვირია.

უფრო მეტიც, ახლახან გამოქვეყნდა ჩიკაგოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომელშიც გენეტიკოსები ამ ფაქტის უცნაურობას უსვამენ ხაზს. ბუნებრივია, რაც მეტი უჯრედისგან შედგება ორგანიზმი - ანუ რაც უფრო დიდია ზომით - უფრო მაღალია სიმსივნის განვითარების რისკიც. ეს ფაქტი თითქმის ყველა სახეობის ცხოველზე ვრცელდება, მათ შორის ადამიანებზეც. გასაკვირი კი ისაა, რომ სპილოები ამ წესს არ ემორჩილებიან. მათ კიბო ძალიან იშვიათად ემართებათ.

ამ ფაქტს თავისი სახელიც აქვს და ის "პეტოს პარადოქსით" არის ცნობილი. რიჩარდ პეტო ბრიტანელი ეპიდემიოლოგი იყო, რომელიც ამ ფენომენს 1970-იან წლებში იკვლევდა. ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ სპილოებს განსაკუთრებული გენი აქვთ, რომელიც ორგანიზმში გადაგვარებული უჯრედების განადგურებას ემსახურება.

საინტერესო ისაა, რომ ეს ჩვეულებრივი გენი არ არის. ის ფსევდოგენია, ანუ სრულად ფუნქციური გენის არასრული ასლი. უფრო მეტიც, კვლევაში ის "ზომბი გენის" სახელით არის მოხსენიებული. ეს გენი ევოლუციური გადმოსახედიდან დიდი ხნის განმავლობაში არააქტიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და როგორც ჩანს, სპილოების ჩამოყალიბების პერიოდში ის შემთხვევით გააქტიურდა.

სიმსივნის საწინააღმდეგო გენები მხოლოდ სპილოებში არ გვხვდება. ისინი ჩვენს ორგანიზმშიც არის, ერთ-ერთი ასეთი გენი P53-ია. თუმცა აშკარაა, რომ ის თავის საქმეს ყოველთვის წარმატებით ვერ ასრულებს. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში აღმოაჩინეს, რომ ადამიანებში არსებული სიმსივნეების ნახევარზე მეტს დეფექტური P53 იწვევს.

ადამიანებს P53-ის მხოლოდ ერთი ასლი გვაქვს, სპილოებს კი რამდენიმე. ეს მათ სიმსივნური უჯრედების ბევრად უფრო ეფექტურად განადგურების საშუალებას აძლევს.

ჯგუფმა ასევე გადაწყვიტა გაერკვია, არსებობდა თუ არა სპილოებში რომელიმე გენი, რომელიც მათ წინაპრებს ან ბიოლოგიურად ახლო მდგომ სახეობებს, მაგალითად ლამანტინებს არ ჰქონდათ. ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მათ ერთი ასეთი გენი, LIF6 იპოვეს.

LIF გენი ყველა ძუძუმწოვარში გვხვდება. თუმცა აღმოჩნდა, რომ სპილოებში ეს გენი განსხვავებულად ფუნქციონირებს. მათში LIF გენი მაშინ აქტიურდება, როდესაც სიმსივნის საწინააღმდეგო მეორე გენი, P53 დეფექტურ უჯრედს აღმოაჩენს.

ჩატარებული ექსპერიმენტების შემდეგ დადგინდა, რომ სპილოებში დაზიანებული ან დეფექტური უჯრედების არა შეკეთება, არამედ მათი პირდაპირი განადგურება ხდება. ხოლო მათთან მონათესავე სახეობებში, მაგალითად ლამანტინებში დეფექტური უჯრედების აღმოჩენისას ჯერ მისი აღდგენის და შეკეთების მცდელობები იწყებოდა, რაც როგორც ჩანს ნაკლებად წარმატებული მიდგომაა.

ცალსახაა, რომ ამ ყველაფრიდან სიმსივნეზე და მასთან ბრძოლის ხერხებზე ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ. ჯერ იმის თქმა ძალიან ადრეა, შევძლებთ თუ არა ამ მექანიზმების როგორმე ადამიანებზე მორგებას, თუმცა შედეგები დამაიმედებელია.

ცხოველთა სამყაროში სპილოების გარდა ბევრი სხვა ცხოველიც არსებობს, რომლებშიც სიმსივნის შემთხვევები საკმაოდ დაბალია, მაგალითად ვეშაპები და მღრღნელების ზოგიერთი სახეობა. ყველა ამ სახეობას სიმსივნესთან ბრძოლის საკუთარი მექანიზი აქვს და როგორც ჩანს, ჩვენ ცხოველებისგან კვლავ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი.