პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაახლოებით ხუთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა უკომენტაროდ დატოვა. მისი ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, გამოკითხვებს მიზანია, რომ მაჩალიკაშვილმა სრული სიმართლე საქართველოს საზღვრებს გარეთ ვერ გაიტანოს.

"დაბარებები იძენს ძალიან არასერიოზულ ხასიათს. მთავარი არსი კი არის ის, რომ ხელისუფლებას სურს, არ მოხდეს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ევროპის საზღვრის გადალახვა", - განაცხადა ადვოკატმა.

კუბლაშვილი ამბობს, რომ დღეს განხილულ საქმეზე უკვე ყველა გარემოება გამოკვლეული იყო და ახალი ინფორმაცია ან კითხვა პროცესის დროს არ გაჟღერებულა. მისივე თქმით, მაჩალიკაშვილს კითხვებს კონკრეტულ პირებთან კომუნიკაციაზე უსვამდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმავე საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე 21 აგვისტოსაცაა დაბარებული. ადვოკატის თქმით, სუს-ში მას, ამჯერად, უფრო კონკრეტული კითხვები უნდა დაუსვან.

მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყებაში 2 დღის წინ, 14 აგვისტოსაც იყო დაბარებული. გამოკითხვა 31 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადებას ეხებოდა, როდესაც მან თქვა, რომ მას და რამდენიმე ასეულობით ადამიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავი უნდა აეფეთქებინათ. მაჩალიკაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს ემოციურ ფონზე იყო ნათქვამი და არანაირ დანაშაულებრივ ელემენტს არ შეიცავდა.