ინდოეთში, კერალას შტატში მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას, სულ მცირე, 73 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ის ცნობით, სტიქიამ 85 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, შტატის აეროპორტი კი ამჟამად დახურულია.

შტატის მთავრობის განცხადებით, გარდაცვლილთა დიდი ნაწილი მეწყრის შედეგად ჩამოტანილი ნარჩენების ქვეშ მოჰყვა. ამასთან, ინდოეთის მეტეოროლოგიურმა სადგურმა შტატის მოსახლეობას მზადყოფნისკენ მოუწოდა. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს და ფედერალურმა მთავრობამ ადგილობრივებისთვის დასახმარებლად დამატებითი ძალები გაგზავნა.

წყალდიდობის გამო ინდოეთში მგზავრებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დატვირთული, კოჩინის საერთაშორისო აეროპორტი 18 აგვისტომდეა დახურული. პრემიერ-მინისტრის თქმით, კერალაში მსგავსი მდგომარეობა აქამდე არასდროს ყოფილა.