პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე ისევ დაიბარეს. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ამჯერად, მისი ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი უწყებაში დაბარებულია ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე, რომელზეც უკვე დადგა განაჩენი.

"თუ მე მადანაშაულებენ ტერორიზმის ხელშეწყობაში, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა გამოკითხვაზე შესვლამდე.

მაჩალიკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მათთვის გაუგებარია, თუ რატომ გახდა შემთხვევიდან ამდენი ხნის შემდეგ გამოკითხვა საჭირო. მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ საქმეზე გარკვეული პირების მიმართ ისევ მიმიდინარეობს გამოძიება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი უწყებაში 2 დღის წინ, 14 აგვისტოსაც იყო დაბარებული. დაკითხვა ეხებოდა 31 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მაჩალიკაშვილის საჯარო განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ მას და რამდენიმე ასეულობით ადამიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავი უნდა აეფეთქებინათ. მაჩალიკაშვილმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს ემოციურ ფონზე იყო ნათქვამი და არანაირ დანაშაულებრივ ელემენტს არ შეიცავდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში On.ge-ს კითხვებზე პასუხებს არკვევენ.