საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი, ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოება ინფორმირებული იყოს საპრეზიდენტო კანდიდატების მედიის წარმომადგენელთან ურთიერთობის ფორმებზე. ასე გამოეხმაურა ძველიშვილი სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებთან კომუნიკაციის ფორმას, როცა მან კითხვის დასმის შემდეგ მათ "ტვინის განძრევისკენ" მოუწოდა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტის დირექტორის თქმით, პრეზიდენტობის მსურველ კანდიდატს კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან, რაც ჟურნალისტებისთვის კითხვებზე პასუხსაც მოიცავს.

"პრეზიდენტობის ყველა კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს ჟურნალისტების კითხვას, ვინაიდან მათ მიმართ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ჟურნალისტები სვამენ იმ კითხვებს, რაც საზოგადოებას აინტერესებს, ამიტომაც, რამდენჯერაც საჭირო გახდება, იმდენჯერ ჩაეკითხებიან და დააზუსტებინებენ გარკვეულ დეტალებს. ეს კითხვები კანდიდატებისთვის შეიძლება იყოს მომაბეზრებელი, უხერხული, უსიამოვნო. მათ პატივი უნდა სცენ ჟურნალისტებს, რომლებიც მათ საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანაში ეხმარებიან", - განმარტავს ძველიშვილი On.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, აუცილებელია პოლიტიკოსებმა გაიაზრონ, რომ ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობას ასრულებენ და ყოველთვის სასიამოვნო კითხვებს ვერ დასვამენ.