Microsoft-ის აპლიკაცია, რომელიც ტელეფონს კომპიუტერთან აკავშირებს, უკვე ანდროიდის ყველა მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. აპი, რომელსაც "Your Phone" ჰქვია, აქამდე მხოლოდ Microsoft-ის წარმოებულ ტელეფონებს აძლევდა კომპიუტერთან სინქრონიზაციის საშუალებას.

ამ ეტაპზე, აპლიკაციის საშუალებით, მხოლოდ ფოტოების გადატანა-გადმოტანაა შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენი ტელეფონი ანდროიდინის მინიმუმ 7.0 ვერსიაზე მუშაობდეს, ხოლო კომპიუტერი Windows 10-ზე. აპლიკაციის დაყენების შემდეგ, ტელეფონი ავტომატურად დაუკავშირდება კომპიუტერს, ხოლო თუ ასე არ მოხდება, ამის გაკეთება Windows Settings-იდან მოგიწევთ.

"Your Phone"-ის შესაძლებლობები ამით არ ამოიწურება. The Verge-ს ინფორმაციით, Microsoft აპირებს, რომ აპლიკაციას SMS სინქრონიზაციისა და შეტყობინებების (Notifications) ფუნქციაც დაუმატოს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები შეძლებენ კომპიუტერიდან გაგზავნონ SMS-ები, წაიკითხონ ისინი და აკონტროლონ შეტყობინებები.

აპლიკაციის გადმოწერა Windows Store-დან შეგიძლიათ.