საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლო ინტერპრეტაცია აგვისტოს ომის დაწესებასთან დაკავშირებით მმართველი პარტიისთვის მისაღებია. ზურაბიშვილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომლის მხარდაჭერასაც ქართული ოცნება განიხილავს.

"იყო პირველი განცხადება, რომელიც იძლეოდა ინტერპრეტირების საშუალებას სხვა მიმართულებით. ამის შემდეგ იყო სხვა გამოსვლები, სადაც კონკრეტული სხვა ინტერპრეტაცია მოვისმინეთ ქალბატონი სალომეს მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს ბოლო ინტერპრეტაცია იყო ჩვენთვის მისაღები იმიტომ, რომ ზუსტად ასახავდა პროცესების იმ განვითარებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს", - განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილის "პირველი განცხადება" აგვისტოს ომზე

"ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი [2008 წელს] ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ."

სალომე ზურაბიშვილის "ბოლო განცხადება" აგვისტოს ომზე

"კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი.

რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის [მიხეილ] სააკაშვილს და მის გარემოცვას, 2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

კითხვაზე შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ.

მეტიც სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად."

აგვისტოს ომი

6 აგვისტოს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა რადიო კომერსანტთან ინტერვიუში მსგავსი აზრი დააფიქსირა, როდესაც თქვა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისთვის თავის არიდება შეიძლებოდა. თუმცა, როგორც 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა.

2008 წლის 7 აგვისტოს დილით რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა გადმოლახეს საქართველოს საზღვარი როკის გვირაბის გზით და შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში შემოჭრილმა რუსულმა ძალებმა წამოიწყეს სამხედრო შეტევა საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც უწყვეტად გაგრძელდა ომის მომდევნო დღეების მანძილზეც.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორი 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომში დაიჭრა/დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

2008 წლის ომის დაწყებიდან ათი წელი გავიდა, თუმცა რუსეთი დღემდე არღვევს სუვერენული სახელმწიფოს საზღვრებს, იტაცებს ხალხს და ცივი ომის პირობებში აცხოვრებს საქართველოს.