სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ გამოსულმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის დღიდან მის წინააღმდეგ უსამართლო დევნა მიმდინარეობს.

"თუ დამაკავებენ, ჩემთვის ის ციხეც ჯოჯოხეთია, გარეთ ვარ - გარეთაც ჯოჯოხეთია", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა დაკითხვის შემდეგ.

მისივე თქმით, 31 მაისს აქციაზე მის მიერ წარმოთქმული სიტყვები, რომლითაც სუს-ში თავის აფეთქების განზრახვას იუწყებოდა, გამწარებული ადამიანის სიტყვები იყო და ემოციურ ფონზე იყო ნათქვამი.

"[მკითხეს] რას ვგულისხმობდი მაშინ აქციაზე. მე ვუპასუხე, რომ ეს იყო გამწარებული შვილმოკლული მამის სიტყვები. მეორე დღეს უკვე აღარ მახსოვდა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

აქციაზე #ნუმომკლავ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ პროცესები იმართებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის მიერ და ის უნდა დაისაჯოს:

"მე და ჩემი რამდენიმე ასეულობით ადამიანი ფიცი გვქონდა დადებული, მივსულიყავით სუს-ში და აგვეფეთქა თავები. მაგრამ მე ეს გადავიფიქრე ჩემი საყვარელი ქართველი ადამიანების გამო, რომ არ დაშავებულიყო რომელიმე რიგითი".