ამერიკელი მომღერალი, სოულის დედოფალი და ჯაზის ლეგენდა არეტა ფრანკლინი სიკვდილის პირასაა. ინფორმაცია დეტროიტის ახალი ამბების წამყვანმა ევროდ კასიმიმ მუსიკოსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გაავრცელა.

"მწუხარებით გატყობინებთ, რომ სოულის დედოფალი და ჩემი კარგი მეგობარი არეტა ფრანკლინი სიკვდილის პირასაა. მე მის ოჯახის წევრებს ვესაუბრე ამ დილით. ახლა არეტას თქვენი ლოცვა სჭირდება. მეტ დეტალს მაშინ შეგატყობინებთ, როცა მათი გავრცელების უფლება მექნება", - დატვიტა მან.

როგორც AP-ს მომღერლის ახლო მეგობარმა უთხრა, ფრანკლინის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულადაა გაუარესებული. ის სახლში გადის მკურნალობას და მის გარშემო ოჯახის წევრები და მეგობრები არიან.

მუსიკოსის ოფიციალური წარმომადგენლები ჯერჯერობით ოფიციალურ განცხადებას არ ავრცელებენ.

2018 წლის მარტში ფრანკლინი ნიუ-ორლეანის ჯაზ-ფესტივალზე უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ფრანკლინი კონცერტზე ვერ გამოვიდა. ექიმმა მაშინ მას ორი თვით დასვენება ურჩია.