ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა საგანგებო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისთვის მოქალაქემ შინაურ ცხოველებთან ფოტო უნდა გადაიღოს, სიმართლეს არ შეესაბამება:

"ასეთი ფოტომასალის წარმოდგენას არ ითვალისწინებს არცერთი სამართლებრივი აქტი და მითითება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ჰქონია ადგილი მსგავს მოთხოვნას.
სამწუხაროდ, მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული და გავრცელებული კონკრეტული საჯარო მოხელის - გამგებლის წარმომადგენლის მიერ".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა რეაგირებას მოახდენს და შესაბამის პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება:

"მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა მხოლოდ სოფელ ქვედა ჭალოვანში და ასეთი მოთხოვნები არ ყოფილა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დანარჩენ 14 სოფელში. ბოდიშს ვუხდით სოფელ ქვემო ჭალოვანის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინციდენტის გამო მაღალმთიანი დასახლებებისთვის კანონით გათვალისწინებული სიკეთეების განხორციელებას ხელი არ შეეშლება".

4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჭიათურის გამგეობაში ჰყავთ სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში დადიან და ამოწმებენ, ამ სოფლის მოსახლეობა ნამდვილად საკუთარ ძროხასთან და საკუთარ ყანაში იღებს თუ არა ფოტოს. აღნიშნული ცნობა On.ge-ს ჭიათურის გამგებლის წარმომადგენელმა, როინ ხუციშვილმა დაუდასტურა.

აღნიშნული მოთხოვნა გააპროტესტეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ერთ-ერთმა მათგანმა კი განმარტა, რომ ასეთი მოთხოვნები მისთვის დამამცირებელია. გამგებლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფოტოების გადაღების პროცესს, გამგეობის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ და ამოწმებდნენ, რომ ნამდვილად თავიანთ საკუთრებასთან იღებდნენ ფოტოს.

საქართველოს მთავრობამ 2016 წლის გაზაფხულზე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი და იქ მცხოვრებ მოსახლეობას გარკვეული შეღავათები დაუწესდა.