საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს ვერ შეაფასებენ. თუმცა ერთი კვირის წინ ეკლესიის წინამძღვარმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერის მტრობად შეაფასა, მღვდელმთავრებმა კი სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით აქცია გამართეს.

საპატრიარქოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამალაძის საქმის შეფასებისგან ორი მიზეზით იკავებდნენ თავს. მათი თქმით, პირველი საქმის მასალების არცოდნაა, ხოლო მეორე სამი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

"საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?!"

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, ამის მიუხედავად, მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს "იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს."

5 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია დიდი შეცდომაა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს თავადაც არ არიან თანახმა, მაგრამ მათზე ზეგავლენა აქვთ და აიძულეს ლეგალიზაციის გადაწყვეტილება მიეღოთ.

მოგვიანებით კი, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მეუფის, დიმიტრი შიოლაშვილის კურთხევით, რომელიც პატრიარქის დისშვილია, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნის აქცია გაიმართა.

ციანიდის საქმე

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი დაუშვებლად სცნო.