სიახლე არაა, რომ რვაფეხები გასაკუთრებული ინტელექტით გამოირჩევიან. მათი შესაძლებლობები შთამბეჭდავია. რვაფეხებს შეუძლიათ, ადამიანის სახე ამოიცნონ, სხვადასხვა თავსატეხი ამოხსნან , ან წყალი მიასხან ნათურას, რომელიც თვალებში ანათებთ, რათა ის გადაწვან. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საინტერესო ქცევებისა, რომლებიც რვაფეხებს ახასიათებთ. სიდნეისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების ფილოსოფიის პროფესორი პიტერ გოდფრი-სმიტი ამბობს, რომ რვაფეხები დედამიწის მკვიდრი სახეობებიდან უცხოპლანეტელებთან ყველაზე ახლოს მდგომი ცხოველები არიან.

ევოლუციური გადმოსახედიდან, ადამიანებსა და რვაფეხებს ბევრი არაფერი აქვთ საერთო. ჩვენი თვალები, ტვინი თუ კიდურები სრულად განსხვავებულად ჩამოყალიბდა და სავარაუდოდ, ჩვენ და რვაფეხები შთამბეჭდავ კოგნიტიურ უნარებამდეც სხვადასხვა გზით მივედით.

"დედამიწაზე უცხოპლანეტელი სახეობა რომ გვყავდეს, მისი და ადამიანის საერთო წინაპრის მოძებნა ყველაზე რთული იქნებოდა - ზუსტად ისე, როგორც რვაფეხების შემთხვევაშია", - ამბობს გოდფრი-სმიტი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ რვაფეხების ცნობიერების შესახებ წიგნი დაწერა, - "შეიძლება უცხოპლანეტელებს ვერასდროს შევხვდეთ, მაგრამ რვაფეხები მათთან ყველაზე მიახლოებული არსებები არიან. ჩვენს სახეობებს შორის ისტორიული კავშირი არსებობდა, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ".

თუ რომელი ორგანიზმი ადამიანისა და რვაფეხის საერთო წინაპრად შეიძლება ჩაითვალოს, ის რამდენიმე ათასი ნეირონის მქონე ჭიაყელის ზომის არსება უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ კი ჩვენი განვითარების გზები გაიყოფოდა.

რამ აფიქრებინა მეცნიერებს, რომ რვაფეხებს ცნობიერება აქვთ?

რვაფეხები ცნობისმოყვარეობის ნიშნებს ამჟღავნებენ. მათ გარემოს შესწავლა, შეფასება და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ. რა თქმა უნდა, დასაშვებია, რომ ისინი ცნობიერების იმიტაციას ახდენდნენ, თუმცა რვაფეხები ისეთ დავალებებსაც ასრულებენ, რომელთა გადალახვაც ადამიანების შემთხვევაში ცნობიერების გამომჟღავნებას მოითხოვს.

"სიახლესთან გამკლავება, როცა მას პირველად ეჩეხები, ადამიანების შემთხვევაში ცნობიერ საქციელად ითვლება", - ამბობს გოდფრი-სმიტი.

ცხოველებში ან ადამიანებში ცნობიერების არსებობის განსაზღვრა შეუძლებელია. თქვენ დაზუსტებით ვერასდროს გეცოდინებათ, აქვს თუ არა თქვენს მეგობარს ცნობიერება (თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები შესაძლოა თავს ცნობიერ არსებებად გაჩვენებდნენ, მაგრამ სინამდვილეში უსულო რობოტები იყვნენ, რომლებიც ცნობიერების იმიტაციას ახდენენ). ჩვენ ამ საკითხზე მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეგვიძლია.

თუ ადამიანებისა და რვაფეხების ასეთ შორეულ ნათესაობას გავითვალისწინებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ცნობიერება დედამიწაზე ორჯერ განვითარდა. მეცნიერებს სჯერათ, რომ შეიძლება დამოუკიდებელი აზროვნების ორზე მეტი ტოტიც არსებობდეს.

მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, ცნობიერება "სამყაროსთვის ადვილად წარმოებადი პროდუქტია" თუ "წარმოუდგენლად უცნაური, თითქმის ანომალური მოვლენა". არსებულ არგუმენტებზე დაყრდნობით, ცნობიერება არც ისეთი იშვიათი რამაა, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. სავარაუდოდ, ცხოველების ევოლუცია თავიდან რომ გადავათამაშოთ, მსგავსი ფორმის სუბიექტურ აზროვნებამდე მაინც მივალთ. ბიოლოგიურ დონეზე ამ თეორიას გამართლება ნამდვილად აქვს.