საგანგებო სიტუაციების სამსახური აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა 18:00 საათისთვის საქართველოს იმ რეგიონებში, რომლებსაც ძლიერმა ნალექმა ზიანი მიაყენა.

უწყების ცნობით, აჭარის რეგიონში წყლის დონემ საგრძნობლად დაიკლო და ამ წუთებში მაშველები წყალს ექვს ობიექტზე ტუმბავენ. ამასთან, აჭარიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შესულა.

რაც შეეხება რაჭა-ლეჩხუმს, შესული სამი შეტყობინების გამო სამსახურის თანამშრომლები გზენს წმენდენ და საცხოვრებელი სახლებიდან წყალს ტუმბავენ.

იმერეთში წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები ამ დროისთვის ერთ მისამართზე მიმდინარეობს, საგანგებო სიტუაციების სამსახურში კი ხუთი შეტყობინებაა შესული.

რუსთავში წყალი მეხანძრე-მაშველებმა მესხიშვილის, წულუკიძსა და ტურგენევის ქუჩებზე ამოტუმბეს.

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, უწყებას რეგიონიდან შეტყობინებები არ მიუღია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საქართველოს არცერთ რეგიონში სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა და შესაბამისი სამსახურები მუშაობას აგრძელებენ.

დღეს, 10 აგვისტოს სტიქიის შედეგად საქართველოს რამდენიმე რეგიონი დაიტბორა. სტიქიამ მდინარეების ადიდებაც გამოიწვია. დატბორილია ბათუმი და ქობულეთიც, სადაც მოსახლეობას წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, უამინდობამ პრობლემები სამეგრელოს რეგიონშიც შექმნა. კერძოდ, ძლიერმა ნალექებმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია.