უკვე მეორე წელია სახელმწიფოს პოზიციაა, რომ ყურძნის შესყიდვის სუბსიდირებაზე უარს ამბობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, 2018 წლის რთველი ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველი იქნება, როდესაც სახელმწიფო სრულად გამოვა ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.

სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია, სს აკურა 2018 წლის რთველისთვის ყურძნის მიღება-გადამუშავების აუცილებელი ღონისძიებების ჩასატარებლად, "ყურძნის შესყიდვის, გადამუშავების, დასაწყობებისა და შენახვისთვის" 10-მილიონიანი მომსახურების შეძენისთვის ნებართვას ითხოვს. თანხა კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილ ყურძენს მოხმარდება.

ფოტო: On.ge

სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა On.ge-ს განუმარტა, რომ ბიუჯეტის შედგენისას რთველისა და სხვა ღონისძიებებისთვის თანხა არის გამოყოფილი და ყურძენს სახელმწიფო არ იყიდის.

On.ge-ს კითხვაზე - თუ სახელმწიფო ყურძნის შესყიდვას არ აპირებს, მაშინ დოკუმენტში შესყიდვის კომპონენტი რატომ არის მითითებული - პრესსამსახურმა აღნიშნა, რომ ეს არის ზოგადი დოკუმენტი, რომელიც ჯერ დაკმაყოფილებული არ არის. მისივე თქმით, შემოდგომაზე თანხა დაზუსტდება და ის, რაც ყურძნის შესყიდვაზე უნდა დახარჯულიყო, სხვა კომპონენტებზე გადანაწილდება.