ბავშვებით სავსე ავტობუსი იემენის ქალაქ საადთან ავიაიერიშის მსხვერპლი გახდა. წითელი ჯვრის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 29 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო 30 ადამიანი დაშავდა. თავდასხმის ორგანიზატორი იყო კოალიცია, რომლის სათავეშიც საუდის არაბეთია. იემენის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სულ მცირე 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 61-მა დაზიანება მიიღო.

იემენის მთავრობის მხარდამჭერი კოალიცია აცხადებს, რომ ჰუსიტები, ვისზეც იყო თავდასხმა დაგეგმილი, ბავშვებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

იემენში სამოქალაქო ომი 2015 წელს დაიწყო მას შემდეგ, რაც შიიტი მუსლიმების დაჯგუფებამ, ჰუსიტებმა ქვეყნის ჩრდილოეთის დიდ ნაწილზე კონტროლი დაამყარეს. საუდის არაბეთის ლიდერობით კონფლიქტში ჩაერთო კოალიცია. სამოქალაქო ომის პერიოდში, ქვეყანაში ათასობით ადამიანი გარდაიცვალა, უმეტესობა კი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.