რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, აშშ-ის სანქციებს საპასუხო ქმედებები მოჰყვება.

"რუსეთის მხრიდან ჩვენ საპასუხოდ ვიმოქმედებთ იმ ქვეყნის მიმართ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეიმუშავებს... ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ ადეკვატურად, სარკისებურად - სხვადასხვა სახელი შეიძლება ვუწოდოთ", - განაცხადა ზახაროვამ.

დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. საქმე ეხება სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მკვლელობის მცდელობას.

სერგეი სკრიპალი შვილთან, იულიასთან ერთად ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. ისინი უგონოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მდგარ სკამზე იპოვეს. ბრიტანეთმა მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა და საწამლავად ნოვიჩოკი დაასახელა. აღნიშნული საშუალება სასიკვდილო ნივთიერებაა, რომელიც საბჭოთა კავშირმა 1970-80 წლებში გამოუშვა. რუსეთმა საქმეში ყოველგვარი მონაწილეობა უარყო. რამდენიმეკვირიანი კომის შემდეგ ორივე მათგანი გონს მოვიდა და ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სკრიპალების საქმეს მოჰყვა დიპლომატიური სკანდალი.დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა. ლონდონის მხარდასაჭერად მსგავსი ნაბიჯი გადადგა დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ. საპასუხოდ დიპლომატების გაძევება დაიწყო რუსეთმაც.

გაიგეთ მეტი: სერგეი სკრიპალის საქმე