ინტერნეტში სხვადასხვა პროდუქტისა თუ სერვისის შეძენისას პირობებზე დასათანხმებლად უჯრის მონიშვნა იმდენად ჩვეულებრივ ამბად იქცა, რომ ხშირად არც ვკითხულობთ, რა წერია ტექსტში. თუმცა ეს იქამდე, სანამ სტანდარტული წესების ნაცვლად რაღაც განსხვავებული არ დაგვხვდება.

თუ ჯიპიაი ჰოლდინგის საიტზე mygpi.ge სამოგზაურო დაზღვევის პაკეტის შეძენას გადაწყვეტთ, შენაძენის დასრულებამდე ამ ფრაზას ამოიკითხავთ.

◻️ ვადასტურებ, რომ ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მზად ვარ, მსოფლიოს გავაგებინო ამის შესახებ.

მათ, ვინც 8 აგვისტოს შეიძინა სამოგზაურო დაზღვევა, გრაფის მონიშვნის შემდეგ დახვდათ ტექსტი, რომლის თანახმადაც, ჯიპიაისგან საჩუქარს უნდა დალოდებოდნენ.

როგორც სამოგზაურო დაზღვევის ერთ-ერთი მფლობელი, ანა გვარიშვილი წერს, ჯიპიაისგან Giovanni Morra-ს ანტიოკუპაციური საპასპორტე მიიღო. პასპორტის ჩასადები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, უსიტყოდ მოვუყვეთ მსოფლიოს საქართველოს ოკუპაციის შესახებ, გიორგი პოპიაშვილის დიზაინითაა დამზადებული.

წელს აგვისტოს მოვლენებიდან 10 წელი გავიდა. ომი, რომელმაც 2008 წელს უამრავი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ, ახლაც, ამ მომენტშიც მიმდინარეობს. კომპანიების აქტიურობა ამ კუთხით მათ მომხმარებლებსაც უბიძგებს, უკეთ გაიაზრონ რეალობა, რომელშიც ცხოვრება გვიწევს. ეს კი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.