ევროკავშირის უმაღლესი წარმომდგენელი, ფედერიკა მოგერინი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორც აქამდე. ასე გამოეხმაურა მოგერინი აგვისტოს ომის 10 წლისთავს.

"სამწუხაროდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ წინადადებათა პაკეტს "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელსაც სარგებლის მოტანა შეუძლია ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვის ვაჭრობის გამარტივების, განათლებისა და მობილობის საშუალებით.

"ამ ტიპის წინადადებები სრულად შეესაბამება ევროკავშირის ჩართულობის პოლიტიკას საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში", - თქვა მოგერინიმ.