რიო დე ჟანეიროში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას, მარსელო რებელო დე სუსას შეხვდა, რომელთანაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაფართოებაზე და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა. ორი ქვეყნის წარმომადგენელმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში პორტუგალიელების დახმარების საკითხიც განიხილა.

მარგველაშვილმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებითი პაკეტის პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, პორტუგალიის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მარსელო რებელო დე სუსამ კი აღნიშნა, რომ პორტუგალია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა პორტუგალიას ამ პოზიციისთვის, საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს.

მარგველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვა და პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დაპატიჟა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით კი, ქვეყნის პირველი პირის ბრაზილიაში შეხვედრების მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებაა.

მისი თქმით, მარგველაშვილის დასწრება ოლიმპიური თამაშების გახსნაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ოლიმპიური თამაშები ყოველთვის მნიშვნელოვან პრინციპს გამოხატავდა, მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდაჭერას:

"საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების წარმატების მხარდამჭერი იქნება. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიაში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გამართავს არაერთ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. ბრაზილიაში გასამართი შეხვედრების ძირითადი მიზანი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამავდროულად, გაეროში დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციაზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება".

გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა რიო დე ჟანეიროში ოლიმპიურ თამაშებზე დასასწრებად იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მარგველაშვილის და ჩიჩუას საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებთან შეხვედრა, პრეზიდენტი და პირველი ლედი ქართველი ოლიმპიელების გამოსვლებსაც დაესწრებიან.

საქართველოს პრეზიდენტი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას ზაფხულის ოლიმპიადის გახსნაზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებთან ერთად დაესწრება.