აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს იმისა გამო, რომ საქართველომ აფხაზეთში ნიგერიის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრებების ჩასვლა გააპროტესტა და FIFA-ს მიმართა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართვლოს პოლიტიკამ აფხაზეთის მიმართ ცვლილება არ განიცადა და მხოლოდ აფხაზეთის იზოლაციისკენაა მიმართული. დე ფაქტო ხელისუფლება მოუწოდებს ფიფას ეთიკის კომიტეტს შეაფასოს ქართული მხარის მოქმედებები.

"დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მცდელობების მიუხედავად, პოლიტიკური ელფერი შესძინოს სპორტულ ღონისძიებებს, ფიფა გააგრძელებს ფეხბურთის განვითარებისა და გავრცელების კურსს".

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აფხაზეთში ნიგერიის ახალგაზრდული ნაკრების ჩასვლა გააპროტესტა. ფედერაციის განცხადებით, არ დაუშვებს ქართული სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ სპორტულ ქმედებებს.

ფედერაციაში ამბობენ, რომ უკვე აცნობეს მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს - ფიფას და მოითხოვეს მისგან შესაბამისი რეაგირება. მათივე თქმით, უკვე მიმართეს ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციასაც.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული აქვს რუსეთს, ნიკარაგუას, ნაურუს, ვენესუელასა და სირიას.