ჩინეთის დიდ კედელს, ერთ-ერთ უძველეს არქიტექტურულ მემკვიდრეობას, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს.

წელს, 21-კილომეტრიანი ნაგებობის ისტორიაში პირველად, ყველაზე იღბლიანი მოგზაურები იქ ღამის გატარებას მათთვის მოწყობილ "სახლებში" შეძლებენ.

Airbnb-მ კონკურსი გამოაცხადა, რომლის გამარჯვებული ოთხი ადამიანი ჩინეთის დიდი კედლის ტერიტორიაზე მოწყობილ გადაუხურავ სახლებში 4-დან 8 სექტემბრის ჩათვლით იცხოვრებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 11 აგვისტომდე Airbnb-ს უნდა მისწერონ საკუთარი იდეა, თუ რატომაა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ბარიერების დამსხვრევა და როგორ უნდა გაერთიანდნენ და დაუკავშირდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ერების წარმომადგენლები. განცხადების შევსება ამ ბმულზე შეგიძლიათ.

Airbnb გამარჯვებულებს მოქცევის ამ წესების დაცვისკენ მოუწოდებს:

  1. პატივი ეცით მეზობლებს [კი, 1,38 მილიარდ ადამიანს];
  2. მუსიკის ჩართვის შემთხვევაში, ის დაბალ ხმაზე დაარეგულირეთ, რომ უძველესი ნაგებობის მცველები არ შეაწუხოთ;
  3. არ ეცადოთ კედლის გაზომვა, იქედან გადმოხტომა ან მის მთელ სიგრძეზე გარბენა;
  4. თუ დრაკონებს დაინახავთ, არ შეაწუხოთ, თუმცა აუცილებლად დაწერეთ მათ შესახებ სოციალურ მედიაში.

მთავარია, არ იწვიმოს და რომელი მოგზაურისთვის არ იქნება ამ ადგილზე ღამის გატარება ცხოვრების დაუვიწყარი მოვლენა?

ფოტო: Airbnb

ფოტო: Airbnb

ფოტო: Airbnb

ფოტო: Airbnb

ჩინეთის დიდი კედელი 2 600 წელზე მეტია, რაც არსებობს. ის საუკუნეების განმავლობაში ქვეყნებს შორის ზღვარს აწესებდა, თუმცა ახლა მილიონობით ადამიანს აცნობს მის კულტურასა და ისტორიას.