მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ განაცხადა რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია. პირველი არხის ინფორმაციით ამის შესახებ პატრიარქმა საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა.

"ბოლო დროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში, ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების, მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ვეღარ იკავებს თავს. გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა",-განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქის თქმით, დარწმუნებულია რომ ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს [საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები] თავადაც არ არიან თანახმა, მაგრამ მათზე ზეგავლენა აქვთ და აიძულეს ეს გადაწყვეტილება მიეღოთ.

მისივე თქმით, ნარკოტიკების მოხმარება დაცემის დასაწყისია და ლეგალიზაციის პირობებში, ქვეყანაში შესაძლოა, ნარკოტიკების ცენტრი შეიქმნას"

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ნარკოტიკებს დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, გამოიწვევს იმ ახალგაზრდების ჩამოსვლას მეზობელი ქვეყნებიდან, რომლებიც ცხოვრების კალაპოტიდან არიან ამოვარდნილი, შეიქმნება ცენტრი ნარკოტიკების. მივმართავ უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, გავუფრთხილდეთ სამშობლოს, ჩვენს შვილებს."

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.