ომის შედეგების შეფასება შორიდან რთულია. უკეთ რომ გაიგო, უნდა ხედავდე როგორ გვართმევს რუსეთი ყოველდღიურად საქართველოს, ეს კი ყველაზე ცხადად გორის რაიონის სოფლებში იგრძნობა. გადავწყვიტეთ, სწორედ იმ ხალხის ისტორიები ჩამოგვეტანა, ვინც 10 წელია იბრძვის.

ე.წ საზღვრისპირა სოფლებში ჩასვლა მთელ რიგ პროცედურებთანაა დაკავშირებული. თუ სოფელში ნათესავი არ გყავთ, რომელიც სამართალდამცავებს გააფრთხილებს თქვენი ვიზიტის შესახებ, მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უნდა მიმართოთ. უწყებას წინასწარ უნდა აცნობოთ, რომელ სოფლებში აპირებთ მისვლას, რომ შესასვლელში მდგარ საგუშაგოებზე სამართალდამცავებმა გაგატარონ. უსაფრთხოების მიზნით "რეგისტრაცია" გავიარეთ და საოკუპაციო ხაზს გავყევით.

პატიმარს ჩემზე მეტი უფლებები აქვს - ხურვალეთი

პირველი სოფელი, რომელსაც ვესტუმრეთ ხურვალეთია. საგუშაგოდან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამოგყვნენ. ოკუპირებულ ტერიტორიამდე გზა იმაზე მოკლეა ვიდრე წარმოგიდგენიათ. ე.წ საზღვართან მიახლოებას მარტივად იგრძნობთ, აქ სახლები დაცარიელებულია, სიჩუმეა.

სოფელი ხურვალეთი, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რამდენიმე ნაბიჯი და თქვენ უკვე საომარი მოქმედებების სივრცეში ხართ. წინ მავთულხლართებია, კედელი, რომელიც რუსეთმა ეზოებში აგვიშენა. აქვე ბანერიც ჩანს, რომელიც გაფრთხილებს, რომ შენს ქვეყანაში შენი უფლებები მთავრდება და დე ფაქტო ოსეთის სახელმწიფოს დასაწყისს გამცნობს.

ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge

თანმხლები სამართალდამცავები ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესებს გვახსენებენ და გადაადგილების არეალს გვისაზღვრავენ. უსაფრთხოების მსგავსი ზომები უფრო ზრდის დაძაბულობას და ომის აურას ამძაფრებს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

მავთულხლართების მეორე მხარეს ხალხის ხმა ისმის, ე.წ საზღვარი მას ვერ ახშობს. სახლი ახლოსაა, სულ რაღაც 100 მეტრი გვაშორებს, მაგრამ გადასვლას და მათთან საუბარს ვერ შევძლებთ. ერთადერთი გამოსავალი დაძახებაა. პასუხი მალევე მივიღეთ - "გამოვალ, გამოვალ" - გადმოგვძახა დათა პაპამ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დათა პაპას ანუ დავით ვანიშვილის გასაცნობად მოკლე ისტორიას გიამბობთ. ის ე.წ საზღვრის მიღმა ცხოვრობს და უკვე წლებია ერთადერთი კონტაქტია ხურვალეთის მკვიდრებთან. სწორედ მას ხედავთ თქვენ წლებია ეკრანებზე. მასთან მიდიან სასაუბროდ უცხოური დელეგაციების და მთავრობის წარმომადგენლები. სხვებს ეკრანებზე გამოჩენის ეშინიათ. პაპა სოფლის მკვიდრებისთვის ერთადერთი ამბის მიმტანია და იქ დარჩენილი საფლავების ერთადერთი ჭირისუფალი.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

დათა პაპას უხარია სახლის სიახლოვეს ხალხის დანახვა. მონდომებით ცდილობს მავთულხლართებში ხელის გამოძვრენას. გულითადი მოკითხვის შემდეგ კი თავის ტყვეობაზე გვიყვება. ამბობს, რომ პატიმარს მეტი უფლებები აქვს იმასთან შედარებით, რაც მას საოკუპაციო რეჟიმმა დაუტოვა.

პაპასთან დამშვიდობების დროა. მას ოჯახის წევრები ეძახიან, ჩვენ კი თანმხლები სამართალდამცავები გვაჩქარებენ. პაპამ თხოვნა დაგვაბარა: "არ დამივიწყოთ შვილო, არ დაგავიწყდეთ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ. მეც თქვენი ვარ, თქვენ კიდე ჩემი. უთხარით ხალხსა."

საგუშაგოსთან დავბრუნდით და დამშვიდობებას ვაპირებდით, როცა შსს-ს თანამშრომლებმა შემოგვთავაზეს სხვა საზღვრისპირა სოფლებშიც გამოგვყოლოდნენ. მათი თქმით, აგვისტოს პერიოდში გატაცებების რიცხვი იზრდება და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის "ასე აჯობებდა".

ტყისა და წყლის გარეშე - ბერშუეთი

გეზი ბერშუეთისკენ ავიღეთ. მორიგ საგუშაგოსთან მივედით. რადგან შსს-ს თანამშრომელი გვახლდა ამჯერად "რეგისტრაცია" გაგვიმარტივდა. სოფელში შევედით. ისევ სიჩუმეში შემოვაბიჯეთ.

ხალხის მისაგნებად სოფლის "ბირჟის" ძიება დავიწყეთ. ასეთი ადგილი ბერშუეთში მაღაზიასთან აქვთ. ადგილობრივები დიდი ინტერესით გხვდებიან, მაგრამ როცა ომზე კითხვას დასვამ საუბრის სურვილი ქრება.

ბერშუეთის არაერთი მკვიდრი ყოფილა რუსული ოკუპაციის მსხვერპლი. გაქცეული საქონლისა და მთიდან მომავალი წყაროს გადაკეტვის გამო არაერთხელ მოუწიათ დაწესებული საზღვრის რღვევა. შედეგად ე.წ მესაზღვრეები იტაცებდნენ, ჯარიმას ახდევინებდნენ და 2 000 რუბლად ანუ 80 ლარად ნაყიდი თავისუფლებით საკუთარ სოფელში ბრუნდებიან.

"რითი ვუშველოთ ქვეყანასა, ოკუპანტი მეტად ძლიერია", - ბერშუეთიდან ამ სიტყვებით გამოგვაცილეს. ამჯერად გზაში დუმილი დავარღვიეთ, მოსმენილი განვიხილეთ და უფრო გულდამძიმებულები შევედით სოფელ აძვში.

საშველი არ არის - აძვი

აძვში საგუშაგოსთან პრობლემა შეგვექმნა და საზღვრისპირად მდებარე სახლებში მისვლის უფლება არ მოგვცეს. "უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე არ შეიძლება", - ჩვენ მავთულხლართებს მივყვებოდით, ეს ფრაზა კი ჩვენ დაგვყვებოდა.

ამჯერად საგუშაგოდან გავძახეთ მოსახლეებს. საუბარზე მხოლოდ ერთი დაგვთანხმდა. სოფლიდან გამოსვლისას რამდენიმე მკვიდრის ჩაწერა ვცადეთ, მაგრამ არგუმენტით "იმათგან მხოლოდ ხიდიღა გვყოფს, ვერ გავიშარები" უმეტესობამ უარი გვითხრა.

5 წელი გაურკვევლობაში - ზარდიანთკარი

აძვიდან წამოსულები სოფელ ზარდიანთკარში ავედით. ეს ის სოფელია, რომელიც რუსებს არ დაუბომბავთ, მაგრამ დამწვარი სახლების რაოდენობით მაინც ყველა ჩვენს მიერ ნანახს ჭარბობს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ზარდიანთკარზე კონტროლი საქართველოს 5 წლის განმავლობაში ჰქონდა დაკარგული. ადგილობრივები მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდნენ სოფელში, სადაც ბალახით დაფარული გზა და ნანგრევები დახვდათ.

ხალხი დაიღალა - ქერე

კიდევ ერთ ომგამოვლილ სოფელში, ქერეში გადმოვინაცვლეთ და აქ დავიდეთ ბინა. სახლიდან, რომელშიც გავჩერდით რუსების საგუშაგო ჩანს, იქვე ახლოს, საფლავების მიღმა, სადაც გასვლა საფრთხისშემცვლელია.

ომის მონუმენტები - გორი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

გორში ჩამოვედით. ომის ისტორია გორის გარეშე არასრულფასოვანია. 10 წლის წინ გორი ყველაზე მეტად დაზარალდა. რუსულმა ავიაციამ საცხოვრებელი კორპუსები დაბომბა, ცენტრალურ მოედანი კი ჯავშანტექნიკამ დაიკავა. დაცხრილული კედლები დღეს თავად ყვება გორის ისტორიას და ომის მონუმენტებად მთელს ქალაქშია მიმოფანტული.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

4 წუთი და 31 წამი - ყარაფილა

4 წუთი და 31 წამი ზუსტად ეს დრო დაჭირდა მანქანას ავტობანიდან მინდორის გადასაჭრელად და ე.წ საზღვრამდე მისასვლელად. ყარაფილას რუსების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მხოლოდ ხნული და ბანერი ყოფს, რომელსაც ვერც კი შენიშნავთ, თუ წინასწარ არ იცით რომ იქ მოძრაობა საშიშია.

ყარაფილადან თბილისი ბათუმის დამაკავშირებელი ავტობანი ჩანს, იმდენად ახლოს რომ თავისუფლად გაარჩევ მოძრავ მანქანებს. აქ ყველაზე მძაფრად იგრძნობა, რამდენად გვიახლოვდება საფრთხე.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ბრძოლა დასაბრუნებლად - წეროვანი

წეროვანი საოკუპაციო ხაზიდან საკმაოდ შორსაა. აქ არც მავთულხლართებია, არც რუსი მესაზღვრეები და არც გატაცებები, მაგრამ ამ სოფლის მკვიდრებიც მუდმივ ომში არიან.

ისინი ყოველდღე იბრძვიან - პასპორტის ასაღებად და სოფლებში ჩასასვლელად, ნათესავების სანახვად, იქ დარჩენილი სახლების გადასარჩენად. წეროვანელებს მუდმივად უწევთ სახის დამალვა, რადგან ქალაქ ახალგორის, რუსების მიერ ლენინგორად წოდებულის შესასვლელ საგუშაგოსთან მესაზღვრეები მათ მიცემული ინტერვიუების მიხედვით ატარებენ. თუკი ოკუპაციაზე საუბარს გაბედავ, საკუთარ სახლს ვეღარ ნახავ - კიდევ ერთი იარაღი "მეზობლების" ხელში.

საუბარზე მხოლოდ ისინი დაგვთანხმდნენ, ვისაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადასვლა არ უწევს. სხვებმა პირად საუბრებში გაგვიზიარეს, რომ ომის ყველაზე დიდი ნაკლი დანაკარგის შემდეგ დამცირებაა, რომლის ატანაც მესაზღვრეებისგან უწევთ.

ე.წ საზღვრისპირა სოფლებიდან მნიშვნელოვანი მესიჯით წამოვედით - "საომარი მოქმედებების დაწყებიდან ათი წელი გავიდა და ჩემს ქვეყანაში ისევ ომია. ჩუმი და და ფარული ომი. ათი წელია ჩემი მეზობელი მართმევს ყველაფერს მიწას, წყალს, ხალხს, თავისუფლად გადაადგილების და საუბრის უფლებას. მეზობელი ცდილობს საოკუპაციო რეჟიმს შეგვაგუოს, მაგრამ გადაეცით რომ საზღვრისპირა სოფლებში 10-წლიანი ბრძოლის შემდეგ დანებებას არავინ აპირებს".