ბრძოლა, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრები წლებია ელიან, შედგება.

UFC-მ ხაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ბრძოლა ოფიციალურად დააანონსა. დაღესტნელი და ირლანდიელი მებრძოლი ერთმანეთს ლას-ვეგასში 6 ოქტომბერს, UFC 229-ზე შეხვდებიან.

ნურმაგომედოვი MMA-ში დღემდე დაუმარცხებელია. 26 ჩატარებული ბრძოლიდან მან ყველა მოიგო, ბოლო სატიტულე ბრძოლაში კი ალ იაკინტა დაამარცხა. მაკგრეგორს თითქმის ორი წელია, ოქტაგონზე არ უბრძოლია. რვაკუთხეში მან ბოლოს ედი ალვარესი დაამარცხა, თუმცა დიდხნიანი პაუზის გამო UFC-მ მას ქამარი ჩამოართვა.

პაუზის მიზეზი დიდწილად კრივში ფლოიდ მეივეზერთან გამართული სუპერბრძოლა იყო.

კონფლიქტი მაკგრეგორსა და ნურმაგომედოვს შორის დიდი ხნის წინ დაიწყო, მას შემდეგ ისინი ერთმანეთს არაერთ შეურაცხმყოფელ კომენტარს უგზავნიდნენ. კონფლიქტი უფრო შორსაც წავიდა, როცა UFC 223-ის ავტობუსს, რომელშიც ხაბიბ ნურმაგომედოვი იმყოფებოდა, მაკგრეგორმა და მისმა მეგობრებმა მძიმე საგნები ესროლეს.

ჯერჯერობით უცნობია, კიდევ რომელი მებრძოლები გამოვლენ UFC 229-ზე.