თუ ვეგანი ხართ და პორტლენდში, სიეტლსა თუ ჩრდილოეთ კალიფორნიაში გემრიელი საუზმე გინდათ, შეგიძლიათ ომლეტი შეუკვეთოთ, ოღონდ - მცენარეული კვერცხით.

არ მოგესმათ, კომპანია Just, Inc-ში მაიონეზისთვის, ცომისთვის თუ სალათის დრესინგისთვის კვერცხის შემცვლელი შექმნეს.

მასა, რომლის მთავარი ინგრედიენტიც ლობიოსმაგვარი პარკოსანი მცენარეა, ჩვეულებრივად ითქვიფება და კონსისტენციით კვერცხს ჰგავს. მისი ყვითელი შეფერილობა კი სუნელი კურკუმას დამსახურებაა.

ფოტო: Just Inc

საქმე ის არის, რომ კვერცხი ცხოველური ცილებისა და პროტეინის მისაღებად ყველაზე იაფი პროდუქტია, რომლის უკანაც სოფლის მეურნეობის გიგანტური მიმართულება დგას.

ეს ინდუსტრია კი ყოველწლიურად 68 მილიონ ტონა კვერცხს ქმნის, რომელთა უმრავლესობასაც მინიატურულ გალიებში გამოკეტილი ქათმები დებენ.

კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ ამ რაოდენობით კვერცხი წარმოება წყლის დაბინძურებასა და დიდი რაოდენობის მეთანის გამოყოფას იწვევს, რაც ეკოლოგიისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. მნიშვნელოვანია ქათმების გამოსაკვებად დახარჯული დიდი რაოდენობის რესურსიც: სოიო, სიმინდი და წყალი.

ფოტო: Just Inc

მართალია ნედლეული, რომლისგანაც "მცენარეული კვერცხი" მზადდება, იაფფასიანია, მაგრამ ჯერჯერობით ეს ვეგანური საკვები მაინც ძვირი სიამოვნებაა, რადგან მთავარი ინგრედიენტის შემოტანა და შემდეგ მისი დისტრიბუცია საკმაოდ დიდ ხარჯებს უკავშირდება. მაგალითად, ერთი და იმავე რაოდენობის კვერცხსა და მის შემცვლელს თუ ავიღებთ, მცენარეული ალტერნატივა კვერცხზე დაახლოებით ექვსჯერ მეტი ღირს.

კომპანიის დამფუძნებლები ვარაუდობენ, რომ მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, "მცენარეული კვერცხის ფასი" ცხოველურისას რამდენიმე წელში გაუტოლდება.