მოქალაქეების ნაწილი ონლაინ პეტიციის სახით, პრეზიდენტს სთხოვს, რომ არ დანიშნოს რეფერენდუმი ადამიანის უფლებების შესაზღუდად და არ დააკმაყოფილოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გაგზავნილი საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა სამოქალაქო ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით:

"მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის დანიშვნა წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და გრძელვადიანი შედეგების მქონე დარტყმას მიაყენებს ეროვნულ ინტერესებს, გააძლიერებს რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდას, პრორუსულ ძალებს და დაამძიმებს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის უფლებრივ მდგომარეობას".

ინიციატორები აცხადებენ, რომ რეფერენდუმის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, არ შეიძლება რეფერენდუმის დანიშვნა იმ საკითხებზე, რამაც შეიძლება ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები შეზღუდოს:

"საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება უკვე განისაზღვრება, როგორც "ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ," სარეფერენდუმო კითხვა: "თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის" აბსურდულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას".

ამ დროისთვის 500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომლის სრული ტექსტის ნახვა შეგიძლიათ აქ.