ხორავას ქუჩის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა ოთხი წუთი გაგრძელდა.

მინისტრისთვის კითხვების დასმა ქართული ოცნების წევრებს უნდა დაეწყოთ. თუმცა მათ უარი თქვეს, რადგან კომისიაში მინისტრის დაბარების აზრს ვერ ხედავდნენ.

"მე ვერ ვხედავდი აქამდე და ვერ ვხედავ ქალბატონი თეას დაბარების საჭიროებას ამ კონკრეტულ შემთხვევაში", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა განმარტა, რომ იუსტიციის მინისტრი არ ახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას კონკრეტულ საქმეზე და საგამოძიებო მოქმედებებზე ვერ იქნებოდა ინფორმირებული.

მხოლოდ სამი კითხვა დაუსვა იუსტიციის მინისტრს ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ:

  • იცნობდა თუ არა ის მირზა სუბელიანს;
  • ეკუთვნოდა თუ არა თეა წულუკიანს 31 მაისის ფეისბუქპოსტი, რომლის მიხედვითაც ის არ ეთანხმება ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ და მხარდაჭერას უცხადებს მას;
  • არჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების პირობებში მიაჩნია თუ არა თეა წულუკიანს, რომ ირაკლი შოთაძე მართალი იყო და უნდა გადაეხადა თუ არა მისთვის მადლობა.

დღეს, 3 აგვისტოს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და ყოფილი მთავარი პროკურორი გამოკითხეს.

ამავე თემაზე: