იაპონიის წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტი წლების განმავლობაში გოგოებს ქულებს აკლებდა, რათა მათი წილი სტუდენტების საერთო რაოდენობაში 30%-ს არ ასცდენოდა.

იაპონური მედიის თანახმად, უნივერსიტეტმა ამ ზომების მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2010 წელს მდედრობითი სქესის სტუდენტების რაოდენობა 40%-ს გადააჭარბა.

როგორც ტოკიოს უნივერსიტეტის ანონიმურმა თანამშრომელმა განაცხადა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას სჯეროდა, რომ მეტი მამრობითი სქესის სტუდენტის მიღება საავადმყოფოებში ექიმების დეფიციტს აღმოფხვრიდა, რადგან გოგოები გათხოვებისა და ბავშვების გაჩენის გამო, მაინც დაანებებდნენ სწავლას თავს.

გარდა ამისა, იმავე წყარომ აღნიშნა, რომ ქალები განსაკუთრებით ქირურგიაში ითვლებიან არასასურველ კადრებად იმის გამო, რომ სამუშაო საათები არანორმირებულია. იაპონურ სამედიცინო წრეებში გავრცელებული აზრით, "ერთი კაცი ექიმის შესაცვლელად სამი ქალია საჭირო".

იაპონური გამოცემის, Yomiuri-ის თანახმად, წელს პირველი ეტაპის საგამოცდო ზღვარი 303-მა კაცმა და 148 ქალმა გადალახა, თუმცა უნივერსიტეტმა ქალ აპლიკანტებს ავტომატურად დააკლო გარკვეული რაოდენობის ქულები. საბოლოოდ, უნივერსიტეტმა 141 კაცი და 30 ქალი მიიღო.

ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტში მოკვლევა მიმდინარეობს, პასუხი კი ერთი თვის შემდეგ, პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

იაპონურ უნივერსიტეტებს გენდერული კვოტების დაწესების უფლება აქვთ, თუმცა ეს საჯაროდ უნდა იყოს გაცხადებული. ტოკიოს სამედიცინო უნივერსიტეტს პროპორციული გადანაწილების შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ არასდროს გაუმხელია.