მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების საკულტო სერიალის გაგრძელება-არგაგრძელების თემაზე უამრავჯერ გაიჟღერა ინფორმაციამ, საბოლოოდ ყველა მაინც თანხმდებოდა, რომ სიტკომი ხელშეუხებელი უნდა დარჩენილიყო.

თუმცა დრო გადის და ადამიანებს შეხედულებები ეცვლებათ. ჯერ კიდევ შარშან ჯენიფერ ენისტონი სასტიკი წინააღმდეგი იყო Friends-ის გაგრძელებაში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ახლა სხვაგვარად ფიქრობს და იმედოვნებს, რომ დადგება ის ნანატრი დღე, როდესაც ამ შოუს გაგრძელებას გადაიღებენ.

"კორტნი [კოქსი], ლიზა [კუდროუ] და მე ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე, წარმოვიდგენთ რა მოხდებოდა ჩვენი პერსონაჟების ცხოვრებაში, თუ ისინი ამ ეპოქაში იქნებოდნენ. გულწრფელად ვამბობ, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო სამსახური იყო. წარმოდგენა არ მაქვს ოდესმე ისევ ჩავძვრები თუ არა რეიჩელის ტყავში, თუმცა დანამდვილებით ვიცი, რომ მეთ ლებლანკს [ჯოუი] ამ თემის განხილვაც კი არ სურს, თუმცა ვფიქრობ ჩვენ მისი გადარწმუნება შეგვიძლია", - ამბობს ჯენიფერ ენისტონი.

მსახიობმა მისი, ლიზა კუდროუსა და კორტნი კოქსის მონაწილეობით ახალი სერიალის იდეაც კი წამოაყენა.

"თუ მეგობრები არ გაგრძელდება, ლიზა, კორტნი და მე ლეგენდარული The Golden Girls-ის გაგრძელებაში მივიღებთ მონაწილეობას და დარჩენილ ცხოვრებას ასე გავატარებთ", - იხუმრა ენისტონმა.