დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის თქმით, სირიის დახმარებით შეეცდებიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობები გააღრმავონ. მისივე განმარტებით, დამასკო დაპირდა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებთან ცხინვალის ინტერესებს განავითარებს.

ბიბილოვმა დაამატა, რომ ეს ეხება როგორც პოლიტიკურ საკითხებს, ისე ეკონომიკას. მას მიაჩნია, რომ ოკუპირებული ცხინვალის აღიარება შეუქცევადი პროცესია:

"სირიის გარდა ჩვენს აღიარებას სხვა ქვეყნებიც დაიწყებენ. სამხრეთ ოსეთის აღიარება შეუქცევადი პროცესია, რომელიც 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიწყო".

მანამდე, ბიბილოვმა თქვა, რომ სირიის პრეზიდენტი, შესაძლოა, ცხინვალის რეგიონს ეწვიოს. თვითონ ბიბილოვი სირიაში 23 ივლისს ვიზიტით ჩავიდა და ბაშარ ასადს შეხვდა.