ლიტერატურული პრემია "საბას" ფინალისტების ნაწილის ვინაობა ცნობილია. ჟიურიმ კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. მათ შორის, საუკეთესო რომანის ავტორი, საუკეთესო პროზაული კრებულის ავტორი, საუკეთესო პოეტური კრებულის ავტორი, საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი, საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა. ფინალისტების ვინაობა ასე გამოიყურება:

საუკეთესო რომანი

  • გურამ ბათიაშვილი, "ელიგულა და კავა" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • მარი ბექაური, "ანას მომენტი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • ლაშა ბუღაძე, "პატარა ქვეყანა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • დავით გაბუნია "დაშლა" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში")
  • თამარ თანდაშვილი, "მატერიკონი" (გამომცემლობა "სიესტა")

საუკეთესო პროზაული კრებული

  • თეონა დოლენჯაშვილი, "პერსონალური ქრისტე" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • ლევან მუსხელიშვილი, "მოკლე მოთხრობები" (გამომცემლობა "სეზანი")

საუკეთესო პოეტური კრებული

  • გიორგი არაბული, "გვრინი" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • სოსო მეშველიანი, "Arboles Altos" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • ზურაბ რთველიაშვილი, "პოეზიის დიქტატურა" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • პაატა შამუგია, "დედა ენა" (გამომცემლობა "წიგნები ბათუმში")
  • ბელა ჩეკურიშვილი, "სიშიშვლის დეტექტორი" (გამომცემლობა "ინტელექტი")

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

  • გაბრიელ ტანიე, "ქანაანის შვილები" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • ზურა ჯიშკარიანი, "საღეჭი განთიადები: უშაქროდ" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

  • სოსო მეშველიანი, "ქუნარეშ" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • ირმა ტაველიძე, "სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები" (გამომცემლობა "დიოგენე“)
  • მარინა ქარცივაძე, "Modus Vivendi" (გამომცემლობა "ქოლგა")

საუკეთესო ქართული თარგმანი

  • მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის "ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი" (გამომცემლობა "კენტავრი")
  • მაია ბადრიძე, ვ. გ. ზებალდის "ემიგრანტები" (გამომცემლობა "დიოგენე")
  • მედეა ზაალიშვილი, ანთოლოგია "თარგმანები" (გამომცემლობა "არტანუჯი")
  • დავით კაკაბაძე, იურეკ ბეკერის "მატყუარა იაკობი" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას "ქალაქი და ძაღლები" (გამომცემლობა "ინტელექტი")
  • ანა კორძაია-სამადაშვილი, ინგებორგ ბახმანის "მალინა" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  • ნანა ტონია, ევრიპიდეს "ტრაგედიები: მედეა, ჰიპოლიტოსი“ (გამომცემლობა "ლოგოსი")
  • ლელა ფიროსმანიშვილი, უილიამ ბეროუზის "შიშველი საუზმე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • მერაბ ფიფია, მარგერიტ იურსენარის "ადრიანეს მოგონებები" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
  • ია ქვაჩახია, ჯუმფა ლაჰირის "უცხო მიწა" (გამომცემლობა "პალიტრა L")
  • რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის "მოსკოვიადა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  • დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი-ll" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

რაც შეეხება ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანის ავტორს, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკის ავტორს, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობასა და პრემია ქართულ გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი "საბა" თიბისიმ 2003 წელს დააფუძნა. წელს "საბას" კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება. ცერემონიის ორგანიზება ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით ხორციელდება. ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან, საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია.