საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარება სრულად ლეგალური გახდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მოწევის დროს პოლიციამ დაგინახათ ან ორგანიზმში აღმოგიჩინეს მარიხუანა, ჯარიმა აღარ დაგეკისრებათ.

გადაწყვეტილებას იურისტი გიორგი ჩიტიძე ფეისბუქზე განმარტავს:

  1. კანაფის (მარიხუანა) მხოლოდ მოხმარება (ანუ მოწევა) არის სრულად ლეგალური;
  2. გამომშრალი მარიხუანას 70 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული);
  3. ნედლი მარიხუანას 100 გრამამდე პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვა არ ისჯება ციხით (არ არის ალტერნატიული სანქცია ჯერ განსაზღვრული);
  4. კანაფის (მცენარე) მოყვანა და კულტივირება 151 გრამამდე არ ისჯება პატიმრობით, თუმცა ალტერნატიული სანქცია არ არის კანონმდებლობაში, ანუ სასამართლო გცნობთ დამნაშავედ სასჯელის გარეშე;
  5. მარიხუანას შეძენა-შენახვა-კულტივირებაზე, მოწევისგან განსხვავებით, ისევ არის ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

გარდა ამისა, მარიხუანის გასაღება ისევ სისხლისსამართლებრივად ისჯება.

სარჩელის ერთ-ერთი ავტორის ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ მარიხუანის მოხმარება არის ლეგალური, მაშინ მისი მოპოვების გზებიც ლეგალური უნდა გახდეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენელმა, გიორგი ლომთაძემ განმარტა, რომ თავისუფალი განვითარების უფლება იცავს პიროვნებას მოიხმაროს მარიხუანა. თუმცა კონკრეტულ შემთხვევებში მოხმარების აკრძალვა გამართლებული იქნება თუ მესამე პირის მიმართ მიყენების ზიანი არის მაღალი.

მაგალითისთვის, სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებულად მიიჩნია მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებას ადგილი აქვს სასწავლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

ამავე თემაზე: