დღეს, 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია გირჩის წევრების სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გააუქმა. სასამართლოს ამ შემთხვევაში არ უმსჯელია მარიხუანის მოპოვების გზებზე. შესაბამისად, შეძენა-შენახვა-კულტივაცია და რეალიზაცია კვლავ დასჯადია.

მოსარჩელეთა განმარტებით, მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს.

სარჩელის ავტორები აღნიშნავენ, რომ მარიხუანის მოხმარებით შესაძლოა ზიანი მიადგეს მხოლოდ მისი მომხმარებლის ჯანმრთელობას, რომელიც თავადვე იქნება პასუხისმგებელი დამდგარ შედეგზე.

"დასახელებული ქმედება არ უქმნის რეალურ საფრთხეს სხვა რომელიმე ღირებულ საჯარო ინტერესს. მარიხუანის მომხმარებლის დასჯა მხოლოდ მორალისტური და პატერნალისტური არგუმენტებით წინააღმდეგობაში მოდის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს", - ნათქვამია საკონსტიტუციო სარჩელში.

დღევანდელი მდგომარეობით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება და ადგენს შესაბამის სანქციას.

სარჩელი სასამართლომ მაისის ბოლოს განიხილა. საკონსტიტუციომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი გასული წლის 30 ნოემბერს დაუჭირა.