ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ Toxoplasma gondii-ით ინფიცირებული სტუდენტები ბიზნეს ადმინისტრირების სწავლისა და ახალი სტარტაპების წამოწყებისკენ არიან მიდრეკილნი.

ტოქსოპლაზმა ერთუჯრედიანი პარაზიტია, რომელიც კატებს გადააქვთ. სავარაუდოა, რომ მისით მსოფლიოს მესამედია დაინფიცირებული და ეს ხშირად კატებთან კონტაქტის შემდეგ ხდება. პათოგენს იმუნოდაქვეითებულ ადამიანებში პოტენციურად სასიკვდილო დაავადება ტოქსოპლაზმოზის გამოწვევა შეუძლია, თუმცა მოსახლეობის უმეტესობაში ის ერთი შეხედვით არანაირ სიმპტომებს არ იწვევს.

ბოლო წლებში ტოქსოპლაზმა დახასიათდა პარაზიტად, რომელსაც ჩვენი ქცევის ან თუნდაც ხასიათის შეცვლა შეუძლია. ის ჩვენი ტვინის სტრუქტურებს შორის კავშირებზე ახდენს გავლენას, რაც ჩვენი ხასიათის სხვადასხვა მახასიათებლებს ცვლის. მაგალითად ჩვენ შესაძლოა გავხდეთ უფრო რისკიანები, უშიშრები და ა.შ.

ახალი კვლევა, რომელშიც 1 300-მა ამერიკელმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა გვაჩვენებს, რომ პარაზიტით დაინფიცირებული ადამიანები ბიზნესისა და ახალი კომპანიების წამოწყებისკენ არიან მიდრეკილნი. მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს რომ ქვეყნები, რომლებშიც ტოქსოპლაზმაა გავრცელებული წარმოებისა და სტარტაპების მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩევა

ინფექციის მიერ გამოწვეული გაბედული და უშიშარი ხასიათი საშუალებას გვაძლევს, რომ მივიღოთ უფრო რისკიანი გადაწყვეტილებები, რაც ხშირად უფრო მეტ მოგებასაც განაპირობებს. კვლევის ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხშირად საფრთხეს შეიცავს. ცნობილია, რომ ბიზნეს სტარტაპების უმეტესობა წარუმატებელია.

ტაქსოპლაზმით დაინფიცირებული თაგვები ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ გადაწყვეტილებებს იღებენ.

ექსპერიმენტებში ნაჩვენებია, რომ იგივე პათოგენით დაინფიცირებულ თაგვებს შიშის შეგრძნება უქრებათ და ისინი ხშირად სიცოცხლისთვის საშიშ გადაწყვეტილებებს იღებენ. გარდა ამისა, დაინფიცირების შემდეგ მათთვის კატის შარდი სექსუალურად მიმზიდველი ხდება. ბუნებრივად თაგვები კატის შარდს ერიდებიან და მასზე ფრთხებიან.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ტაქსოპლაზმური ინფექციები ტვინის ლიმბურ სისტემაზე ახდენს გავლენას, სწორედ ეს სტრუქტურები ახორციელებს თავდაცვისა და სიფრთხილის ქცევებს," - ამბობენ კვლევის ავტორები.

ასევე არსებობს მონაცემები ტაქსოპლაზმიასა და ისეთ ფსიქიკურ დაავადებებს შორის კავშირებზე, როგორიც არის შიზოფრენია და ბიპოლარული აშლილობა.

მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია და ისინი კვლევის შესაძლო ხარვეზებზე მიუთითებენ.

ცნობილი ბიოლოგი და პარაზიტოლოგი იაროსლაფ ფლეგრი კი ამბობს, რომ მეცნიერებაში საკმარისად არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ სხვადასხვა პარაზიტი ჩვენს ქცევაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

"მეცნიერები ასეთ კვლევებს ძლიერად აკრიტიკებენ ხოლმე. ამის მიზეზი ისაა, რომ ადამიანებში ასეთი სიახლეების მიმართ დიდი ფსიქოლოგიური წინააღმდეგობაა. არავის უნდა დაიჯეროს, რომ ჩვენი ქცევის განსაზღვრა პატარა და უმნიშვნელო თვალით უხილავ პარაზიტს შეუძლია"