თბილისის თავზე ცა ნაცრისფერია. ფეისბუქით არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც გაურკვეველია ქალაქი ნისლშია ჩაწოლილი თუ სმოგით არის გარშემორტყმული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი, შედარებით, გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის, თბილისში ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასები გავრცელდა.

სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია.

შესწორება: თავდაპირველად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ თბილისსა და მის შემოგარენში ნისლი იყო, თუმცა ინფორმაცია შემდგომში დაზუსტდა.