უკვე ათწლეულებია, რაც მეცნიერები მარსზე წყლის არსებობის იდეას დასტრიალებენ. წითელი პლანეტის დღევანდელი ზედაპირი სავსეა დიდი ხნის წინ დამშრალი ხეობებით, მდინარის კალაპოტებითა და ტბებით, ეს ყველაფერი კი მარსის წყლით მდიდარ წარსულზე მიუთითებს. ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ მარსზე წყალი ძირითადად ყინულის სახით არსებობდა, რასაც მარსის ზედაპირზე ან ჩვენს გაგზავნილ რობოტებზე შემჩნეული კონდენსაციაც ადასტურებდა, წყლის თხევადი სახით არსებობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჩვენ შემჩნეული გვაქვს, რომ მარსის დაქანებულ ფერდობებზე სეზონურად წყლის დინების კვალი ჩნდება. ეს, სავარაუდოდ, მარილებით გაჯერებული მიწის ქვეშ არსებული ყინულის დამსახურებაა, რომელიც თბილ პერიოდში დნება და ზედაპირზე გამოდის.

გამდინარე წყლის კვალი მარსის ზედაპირზე

გამდინარე წყლის კვალი მარსის ზედაპირზე

ფოტო: NASA

გუშინ მეცნიერებმა ისტორიაში პირველად მარსის ზედაპირის ქვეშ თხევადი წყლის დიდი მასა აღმოაჩინეს. ევროპელმა მეცნიერებმა აღმოჩენა Mars Express-ზე მიმაგრებული სპეციალური რადარის საშუალებით გააკეთეს. რადარი მარსის ზედაპირისკენ დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს გზავნის. ამ ტალღებს კი მარსის ზედაპირი და მის ქვეშ არსებული სხვადასხვა მახასიათებლების მქონე ფენები უკან ხომალდისკენ ირეკლავს. მიღებული სიგნალების ანალიზით ამ ფენების რაობის დადგენაა შესაძლებელი. როდესაც მეცნიერებმა მარსის სამხრეთ პოლუსის რადარული რუკა შექმნეს, მათ შეამჩნიეს, რომ რუკაზე ერთ-ერთი რეგიონი განსაკუთრებული არეკვლით გამოირჩეოდა. მეცნიერების თქმით ასეთ სიგნალებს ყოველთვის წყალი იძლევა. მიწის ქვეშ წყლის დიდი რეზერვუარები დედამიწაზეც გვხვდება. ერთ-ერთი ასეთია ანტარქტიდის ქვეშ არსებული ვოსტოკის ტბა, ხოლო მარსზე და დედამიწაზე მოპოვებული მიწისქვეშა წყლების რადარული მონაცემები ერთმანეთის მსგავსია, რამაც მეცნიერები ვარაუდის სიზუსტეში დაარწმუნა.

კონდენსაცია რობოტ Curiosity-ს საკალიბრაციო მოწყობილობაზე. მარჯვნივ ობიექტი ჩვეულ მდგომარეობაშია, მარცხნივ კი ის წყლის ყინულით არის დაფარული.

კონდენსაცია რობოტ Curiosity-ს საკალიბრაციო მოწყობილობაზე. მარჯვნივ ობიექტი ჩვეულ მდგომარეობაშია, მარცხნივ კი ის წყლის ყინულით არის დაფარული.

ფოტო: Curiosity

პოტენციური სიცოცხლე

ჩვენ ვიცით, რომ მარსზე არსებული პირობების გამო სუფთა წყლის თხევად მდგომარეობაში გაჩერება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ის მყისიერად ორთქლდება ან იყინება. აღმოჩენილ თხევად წყალში სავარაუდოდ სხვადასხვა მარილები არის გახსნილი, რაც მისი გაყინვის ტემპერატურას ადაბლებს. მეცნიერები აღმოჩენილ წყალში სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობაზეც საუბრობენ. მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩენილ რეზერვუარში ორგანიზმების არსებობისათვის იდეალური პირობები ნამდვილად არ არის, ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლე ერთი შეხედვით წარმოუდგენელ ადგილებშიც კი პოულობს ხოლმე გამოსავალს.

"სიცოცხლისთვის სამი რამ არის საჭირო: თხევადი წყალი, ენერგიის წყარო და საწყისი ბიოლოგიური მასალა. როგორც ჩანს, მარსის ზედაპირის ქვეშ აღმოჩენილი ტბა პირველ ორ პუნქტს აკმაყოფილებს, ხოლო ბიოლოგიურ საწყისს რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა ჯერ არავინ იცის. მაგრამ თუ სიცოცხლის აღმოცენებისათვის აუცილებელი ნივთიერებები ერთ დროს დედამიწაზე მოხვდა, არ არის გამორიცხული, რომ ისინი როგორღაც მარსზეც მოხვედრილიყო", - ამბობს მიკრობიოლოგიის პროფესორი ჯონ პრისკუ.

ადამიანები მარსზე დიდ იმედებს ვამყარებთ, ის მზის სისტემის ერთადერთი პლანეტაა, რომელიც შეიძლება სასიცოცხლოდ ვარგისი იყოს.

ამის რამდენიმე სხვადასხვა მიზეზი არსებობს:

  • ზაფხულში მარსზე ტემპერატურა ხშირად -50-დან +35 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს.
  • მასზე მზის ელემენტებისგან ენერგიის მისაღებად საკმარისი სინათლე აღწევს.
  • მისი მიზიდულობა დედამიწაზე არსებულის ნახევარია, რაც, მეცნიერების აზრით, საკმარისია, რომ ადამიანის ჯანმრთელობას პრობლემები არ შეექმნას.
  • მარსს გააჩნია ატმოსფერო, რომელიც თხელია, თუმცა მზის რადიაციისგან პლანეტას მაინც იცავს.
  • მარსზე დღე-ღამის ციკლი დედამიწის მსგავსია, იქ ერთი დღე 24 საათი და 40 წუთი გრძელდება.

ამ პუნქტებს ახლა კიდევ ერთი, მარსზე თხევადი წყლის არსებობა შეემატა.

მარსზე 1 კილოგრამი ტვირთის წაღება მინიმუმ 45 000 მილიონი დოლარი ჯდება.

მარსზე ადამიანების გაგზავნა 21-ე საუკუნეში ყველა კოსმოსური სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანაა. თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ მრავალი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით, მარსზე ერთი კილოგრამი ტვირთის წაღება მინიმუმ 45 000 მილიონი დოლარი ჯდება, რაც ძალიან ძვირია. გასათვალისწინებელია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მარსიდან ადამიანების უკან დაბრუნებაა. ამისთვის ხომალდებმა უკან დასაბრუნებელი საწვავი დედამიწიდან უნდა წაიღონ, რაც ხომალდის ხარჯებს მრავალჯერ ზრდის.

თუ ჩვენ მარსზე არსებული წყლის რესურსების გამოყენება შეგვეძლება, ეს თეორიულად ნიშნავს იმას, რომ შევძლებთ მოგზაურობისთვის საჭირო საწვავი მარსზევე შევქმნათ და უამრავი რესურსი დავზოგოთ.

კოსმოსური ელექტროლიზი

ფოტო: Steve Burg

ელექტროლიზი კარგად ცნობილი პროცესია. ამ დროს ელექტროენერგიის საშუალებით წყლის მოლეკულები იხლიჩება. წყალი ჟანგბადად და წყალბადად იყოფა, შემდეგ კი მათი გამოცალკევება ხდება. ეს ორი ნივთიერება ძალიან ხშირად რაკეტების საწვავად გამოიყენება.

მეცნიერებს კოსმოსში ელექტროლიზით საწვავი აქამდეც მიუღიათ, ამისთვის მათ მზის ელემენტები და დედამიწიდან წაღებული წყალი გამოიყენეს. თუ ჩვენ მარსზე წყლის მოპოვებას შევძლებთ, მზის ელემენტებთან ერთად, ეს საშუალებას მოგვცემს მის ზედაპირზე დიდი რაოდენობით რაკეტის საწვავი დავამზადოთ. ასევე ამ ხერხით მიღებული ჟანგბადის სასუნთქად გამოყენებაც შეიძლება, რაც მეცნიერებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე აქამდეც გაუკეთებიათ.

მარსზე წყლის არსებობას და მის ხელმისაწვდომობას კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჯერჯერობით მეცნიერებმა მხოლოდ ერთი მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი აღმოაჩინეს, რაც წინ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. ახლა გასარკვევია, კიდევ არსებობს თუ არა მსგავსი ტიპის ტბები მარსის ზედაპირის ქვეშ. თუ მარსზე ასეთი ტბები მრავლად არის, ეს ნიშნავს, რომ მათი არსებობისთვის აუცილებელი გარემო პირობები არც ისე იშვიათია, როგორც გვეგონა. გარდა ამისა, ასეთი ტბები შესაძლოა მარსის არსებობის იმ პერიოდზე შეიცავდნენ ინფორმაციას, როდესაც სტატიის დასაწყისში ნახსენები ხეობები, მდინარის კალაპოტები და ტბები ჯერ კიდევ წყლით იყო სავსე, ხოლო პლანეტას კი გარს სქელი ატმოსფერო აკრავდა.