საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გიორგი მღებრიშვილის წასვლას გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, მღებრიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც თავად დაეთანხმა.

"მე განვაცხადე და დავეთანხმე, რომ ჩვენ ამ სამსახურში ძალიან პრინციპული ხასიათის გამოწვევები გვაქვს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სამსახურში მნიშვნელოვანი ინვესტიციებია გასაკეთებელი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ბევრი ნაბიჯი გადაიდგა განვითარებისთვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

კითხვაზე უკავშირდება თუ არა მღებრიშვილის თანამდებობიდან წასვლა უწყებაში რაიმე დარღვევებს, მამუკა ბახტაძემ უპასუხა: "თუ მას რამე დარღვევა აქვს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები გაგცემენ პასუხს".

კითხვაზე, შეიძლება თუ არა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ დაუბრუნდეს შსს-ს მამუკა ბახტაძე პასუხობს, რომ ის მაქსიმალურად ჰორიზონტალური სტრუქტურის მომხრეა.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვხედავდეთ სინერგიას. როცა სტრუქტურები ერთად არიან ეს ხარჯების ნაწილში იწვევს სინერგიას, მათ შორის ძირითადი საშუალებები შეიძლება განაწილდეს რამდენიმე უწყებას შორს. გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული. ჩვენ სტრუქტურა უნდა მოვარგოთ ჩვენს არსებულ რეალობას და მისწრაფებებს, რომ ხარჯები იყოს ლიმიტირებული და არა პირიქით. ნებისმიერ უწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღებთ ამ მიდგომებზე დაყრდნობილ გადაწყვეტილებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ 26 ივლისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მღებრიშვილმა თანამდებობა 20 ივლისს დატოვა. მღებრიშვილის თქმით, დაკავებული თანამდებობა თავისივე სურვილით დატოვა. ამ თანამდებობაზე ის 2017 წლის 13 ნოემბრიდან მუშაობდა. მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.