პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მინდელის შახტა დახურული იქნება სანამ არ მიიღებენ პასუხებს იმასთან დაკავშირებით რამ გამოიწვია ტრაგედია და იცავდა თუ არა კომპანია რეკომენდაციებს უსაფრთხოების საკითხებზე. მისივე თქმით, ეს სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ადამიანური სიცოცხლის ფასად.

"იცით არაერთი რეკომენდაცია არსებობდა შახტაში შრომის უსაფრთხოების გაძლიერებასთან დაკავშირებით და ძიება სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს, რომ ჩვენ ვიცოდეთ კონკრეტული სურათი თუ რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და მეორე რამდენად შესრულდა ის რეკომენდაციები, რომელიც იყო გაჟღერებული."

პრემიერის განცხადებით, ამ საკითხებზე პასუხების მიღების შემდეგ კომპანიასთან პრინციპული საუბარი ექნებათ.

ტყიბულში 16 ივლისს მინდელის შახტაში მომხდარ აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვეპლა. ამის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დალუქა. მამუკა ბახტაძემ კი განაცხადა, რომ მინდელის შახტის დახურვის განმავლობაში მეშახტეებს აუნაზღაურდებათ ხელფასები.

ტყიბულში მეშახტეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრა მოითხოვეს, რათა მან წარუდგინოს მუშებს ოფიციალური დოკუმენტი, რომ ისინი შახტებში გამოძიების დასრულებამდე, ხელფასებს მიიღებენ. ისინი ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც მოითხოვენ შახტებში.

23 ივლისს საქნახშირის ხელმძღვანელებმა თანამდებობები დატოვეს, თანამდებობა არ დაუტოვებია გენერალურ დირექტორ ჯამბულ ჯაყელს. 2018 წელს ტყიბულის შახტში სულ 12 ადამიანი გარდაიცვალა.