ბათუმის დელფინარიუმის ფეხფარფლიანთა განყოფილებაში, სამხრეთ ამერიკული ზღვის ლომების ოჯახში, პედროსა და მარის შვილი შეეძინათ. მამა პედრო 13 წლისაა, დედა კი 12 წლის.

ვიდეოში, რომელიც ბათუმის დელფინარიუმმა გაავრცელა, პატარა სელაპი რამდენიმე წუთის დაბადებულია.

"დედა და შვილი მათთვის სპეციალურად მომზადებულ სივრცეშია, სადაც ჩვენი მწვრთნელების და ვეტერინარის 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ არიან", - წერია დელფინარიუმის ვებგვერდზე.

დაწესებულების ცნობით, ახალშობილი მამრობითი სქესისაა და ის სრულიად ჯანმრთელია. სელაპი მუქი ყავისფერი ბეწვით დაიბადა და მისი წონა 5-7 კილოგრამია.

"პატარა და დედა თავს შესანიშნავად გრძნობენ. ჩვილი სელაპი დედის რძით დაბადებიდან 6-8 თვის განმავლობაში იკვებება. ბინადრები ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

გახსნის დღიდან, ანუ ბოლო 8 წლის განმავლობაში, ბათუმის დელფინარიუმში უკვე 7 ზღვის ლომი დაიბადა. მათი საბინადრო ტერიტორია მოიცავს საცურაო და საკარანტინო აუზებსა და ხელოვნურ გამოქვაბულს.

ამ ზაფხულს, ბათუმის დელფინარიუმში ორი დელფინიც დაიბადა.