ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ პროკურატურის პასუხი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე ადეკვატური იყო. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ირაკლი შოთაძე გადადგა, არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ ძალაუფლებას გადაამეტა, ან არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.

"ის, რაც მოხდა ტრაგიკულია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოების რეაქცია პროკურატურის გამოძიებასთან დაკავშირებით იყო ისეთი, როგორიც იყო - მძაფრი და სენსიტიური. პროკურატურამ ადეკვატურად უპასუხა, ვგულისხმობ შოთაძის გადადგომას. თუმცა არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ გადაამეტა ძალაუფლებას, არ შეასრულა ან პიროვნული დამოკიდებულება ჰქონდა საქმის მიმართ, რასაც გამოვრიცხავ შოთაძეს მხრიდან. ძალიან ადეკვატურად უპასუხა პროკურატურამ საზოგადოების რეაქციას და ასევე მთავრობამაც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობისა და პროკურატურის პასუხი ხალხის პროტესტს, ასევე საგამოძიებო კომისიის შექმნა, ქართული ოცნების ხელწერის გაგრძელებაა.

"როცა საზოგადოების რეაქცია იყო მძაფრი გუნდი არ დაფიქრებულა და ეს არის გაგრძელება გუნდის ხელწერის. სხვა ხელწერა გუნდს არ აქვს და გუნდი ამ თამასას ინარჩუნებს. სხვა რესურსი გუნდს არ გააჩნია და ვერც მოვიხმართ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.