საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, იპოვეს და ის ამჟამად ახლობლებთან ერთადაა. ამის შესახებ ინფორმაციას საბერთძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

დღეს, 24 ივლისს სტიქიის ზონაში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებდნენ, რომელთაგან ერთი მალევე იპოვეს. მეორეს პოვნა კი ვერ ხერხდებოდა.

ცოტა ხნის წინ რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ, დაუზუსტებელი ცნობებით, გარდაცვლილია ერთი ქართველი ქალი, რომელიც მოხუცს უვლიდა. საელჩო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ 16 საათის მონაცმებით, საქართველოს დაზარალებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით დამატებითი შეტყობინება არ შემოსულა.

"ამ ეტაპზე საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ველით დაღუპულთა და ჰოსპიტალიზირებულთა შესახებ ინფორმაციას, რათა დავწმუნდეთ, რომ ქ. ათენის გარეუბნებში გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად, საქართველოს მოქალაქეები არ გარდაცვლილან, ან დაშავებულან", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საბერძნეთში, ათენთან ტყის ხანძრებს ამ დრომდე, სულ მცირე, სამოცი ადამიანი ემსხვერპლა. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.