მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთვარე უკაცრიელ და უსიცოცხლო ადგილს ჰგავს ოდესღაც შესაძლოა მასზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები ყოფილიყო. ორშაბათს გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერებმა მთვარის არსებობის ისტორიაში ორი პერიოდი აღნიშნეს, როდესაც მასზე სიცოცხლე შესაძლებელი იქნებოდა.

პირველი პერიოდი ის დროა, როდესაც მთვარე ჯერ კიდევ ახალი ჩამოყალიბებულია და მისი ზედაპირიდან სხვადასხვა აირები და წყალი დიდი რაოდენობით გამოიყოფა. მეორე კი დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ იყო, როდესაც მთვარეზე ვულკანურმა აქტივობამ პიკს მიაღწია. ამ პერიოდებში გამოყოფილ გაზებსა და წყალს შეეძლო მთვარის ზედაპირზე თხევადი წყლის გუბეები და სქელი ატმოსფერო შეექმნა. ამ დროისთვის მთვარეს მაგნიტური ველიც ჰქონდა, რომელიც მას მზის მომაკვდინებელი რადიაციისგან დაიცავდა.

"სავარაუდოა, რომ რამდენიმე მილიარდი წლის წინ მთვარეზე სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობები იყო. მეტიც, გამორიცხული არაა, რომ მის ზედაპირზე არსებულ თხევად წყალში მიკრობებსაც ეარსებათ," - ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის ასტრობიოლოგი დირკ შულცი.

ახალი კვლევა მთვარიდან ჩამოტანილი ქვების ნიმუშების ანალიზზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც მთვარეზე იმაზე მეტი წყლის ყინული აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა.

რა ტიპის სიცოცხლე შეიძლება წარმოშობილიყო მთვარეზე და როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს?

დედამიწაზე სიცოცხლის ყველაზე ადრეული კვალი დაახლოებით 3.5 მილიარდი წლისაა. ეს არის ერთუჯრედიანი ციანობაქტერიების ნამარხები, რომლებსაც ფოტოსინთეზის უნარი გააჩნიათ. სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანული ნივთიერებები ნანახია სხვადასხვა მეტეორიტებზეც, რაც სავარაუდოს ხდის, რომ დედამიწაზე სიცოცხლის აღმოცენებაში როლი მათაც მიუძღვით. ხოლო იმის შანსი, რომ ის მეტეორები, რომლებიც დედამიწაზე ეცემოდნენ შესაძლოა მთვარეზეც მოხვედრილიყვნენ საკმაოდ დიდია.

ახლა მთვარის ზედაპირი გამომშრალია და ის მტვრითაა დაფარული. თუმცა მეცნიერები ფიქრობენ, რომ მასზე ადამიანის დაბრუნების შემთხვევაში მთვარის ძველი ქანების შესწავლით ამ მოსაზრებების გადამოწმება ადვილად შეიძლება.