რამდენიმე დღის წინ, ეგვიპტეში უზარმაზარი სარკოფაგი გახსნეს, რომელიც 2 000 წლის განმავლობაში ხელშეუხებლად იყო შენახული.

სარკოფაგის შიგნით არასამეფო წარმომავლობის სამი მუმია აღმოჩნდა. ისინი მოწითალო-მოყავისფრო სითხეში იწვნენ, რომელსაც გაუსაძლისად ცუდი სუნი ჰქონდა.

როგორც აღმოჩნდა, არქეოლოგებს 5 სანტიმეტრზეც არ ჰქონდათ თავსახური აწეული, როცა სარკოფაგიდან გოგირდისმაგვარი სუნი ამოვარდა და ისინი იძულებულნი გახდნენ, ადგილი დაეტოვებინათ. დასახმარებლად მათ ეგვიპტის სამხედრო ინჟინრებს მიმართეს.

ამ ყველაფრის მერე, ალბათ გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ Change.org-ზე პეტიცია შეიქმნა, სახელად, "მოგვეცით უფლება დავლიოთ წითელი სითხე ბნელი სარკოფაგიდან".

პეტიციას ამ წუთებში 21 019 ხელმომწერი ჰყავს, თუმცა მათი რიცხვი ყოველწამს იზრდება.

"ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ დავლიოთ წითელი სითხე შავი დაწყევლილი სარკოფაგიდან, როგორც ენერგეტიკული სასმელი, გავიგოთ მისი ძალა და საბოლოოდ მოვკვდეთ", - წერს პეტიციის ავტორი საიტზე.

მომხმარებლები პეტიციის გვერდზე შემდეგი სახის კომენტარებს ტოვებენ: "მწყურია!", "წვენი მინდა!", "მომეცით სუპერძალა!" და ა.შ.

ეგვიპტის სიძველეების უზენაესი საკონსულოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მიუხედავად გავრცელებული შიშისა, რომ სარკოფაგის "შეწუხებით" ფარაონის წყევლას გააღვიძებდნენ, მსგავსი არაფერი მომხდარა

"გავხსენით, და მადლობა ღმერთს, სამყარო უკუნითმა სიბნელემ არ მოიცვა. პირველი ვიყავი, ვინც სარკოფაგში ჩაიხედა და ხომ ხედავთ, თქვენ წინაშე ვდგავარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ", - იხუმრა მან ჟურნალისტებთან.

სარკოფაგი ორი მეტრის სიმაღლის და სამი მეტრის სიგრძისაა. ის 27 ტონას იწონის და უდიდესია მათ შორის, რაც აქამდე უპოვიათ. სარკოფაგი ელინისტურ ეპოქაში დაამზადეს, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 323 წელს დაიწყო, ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ.