"აღარასდროს დაემუქროთ აშშ-ს, თორემ ისე დაზარალდებით, როგორც ჯერ ისტორიაში ცოტა ვინმე თუ დაზარალებულა", - ასე დაემუქრა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის პრეზიდენტს, ჰასან რუჰანის.

BBC-ის ინფორმაციით, ჰასან რუჰანიმ კვირას, 22 ივლისს ირანელ დიპლომატებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ ირანის შიდა საქმეებში არ უნდა ერეოდეს.

"ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ ირანთან მშვიდობა - მშვიდობის დედაა, ხოლო ომი - ყველა ომის დედა" , - განაცხადა რუჰანმა.

ირანის პრეზიდენტს დონალდ ტრამპმა მალევე ტვიტერზე უპასუხა და მისი განცხადება მთავრული ასოებით იყო დაწერილი.

"ჩვენ აღარ ვართ ის ქვეყანა, რომელიც მოისმენს თქვენს ბოდვას ძალადობისა და სიკვდილის შესახებ. ფრთხილად იყავით!" - წერს ტრამპი ტვიტერზე.

აშშ-ის პრეზიდენტს თეირანის მიმართ ხისტი განცხადებები არაერთხელ გაუკეთებია. ის აკრიტიკებდა 2015 წელს ირანთან მიღწეულ ბირთვულ შეთანხმებას. მაისში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ტოვებდა შეთანხმებას. მაშინ ამერიკული მხარე აცხადებდა, რომ მიმდინარე შეთანხმება ბირთვული პროგრამის შეჩერების გარანტი ვერ იქნებოდა. აშშ-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს შეთანხმების სხვა წევრმა ქვეყნებმაც და მის დატოვება უარი თქვეს.

აშშ-სა და ირანს შორის ახალი დიპლომატიური კონფლიქტის მიზეზი სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება გახდა. ამერიკულ მხარეს სურს, რომ 2018 წლის ნოემბრისთვის სხვა ქვეყნებში ირანული ნავთობის იმპორტი შეწყდეს. ივლისის დასაწყისში რუჰანი ამბობდა, რომ მზადაა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტოს, რომლის გავლითაც ზღვაზე მსოფლიო ნავთობის ექსპორტის დიდი წილი გადის.